საქართველოდან ჟურნალისტის კითხვა: საქართველოს ახალი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების პოლიტიკა გრძელდება, ვილნიუსში ასოციაციის შეთანხმების პარაფირება მოხდა. გრძელდება რუსეთის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ე.წ. ოკუპაციასა და „ბორდერიზაციაში“ გამოიხატება (სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს ე.წ. საზღვრებზე ზღუდეების აღმართვა მიმდინარეობს). როგორია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივები?
ს. ვ. ლავროვი: რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს „ცივი ომის“ ეპოქის ძველი ინერციული ლოგიკის გაგრძელებაა. ეს არა მარტო გამყოფი ხაზების შენარჩუნებაა, რომელთა აღების ვალდებულებაც ვიკისრეთ, არამედ მათი გადაწევა აღმოსავლეთით, რაც ძირშივე ეწინააღდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც უმაღლეს დონეებზე უსაფრთხოების განუყოფელობასთან დაკავშირებით ავიღეთ. არავინ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომლებიც პარტნიორების უსაფრთხოებას რისკს შეუქმნის. სწორედ ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
ჩვენ მომხრე ვართ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარების. მოვისმინეთ და შევაფასეთ საქართველოს ახალი ხელმძღვანელობის მიდგომები. სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ სფეროებში, ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში (რომლებიც გრძელდება) ჩვენი ურთიერთქმედებების პრაქტიკული განვითარება, ახალგაზრდული გაცვლები (რომლებსაც ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ), საშუალებას მოგვცემს, უკეთ გავუგოთ ერთმანეთს, მით უმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ბაზა მრავალწლიანი ერთობლივი თანაარსებობის, სულიერი და ისტორიული სიახლოვე. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესები გაგრძელდება.
ვიტყვი, რომ რუსეთისთვის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სუვერენული სახელმწიფოებია. ჩვენ ისინი ვაღიარეთ, ხელი მოვაწერეთ მათთან შეთანხმებებს მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. უზრუნველვყოფთ მათი საზღვრების უსაფრთხოებას და სამხედრო უსაფრთხოებას (იქ ჩვენი სამხედრო ბაზებია განლაგებული ჩვენ მიერ ხელმოწერილი შესაბამისი შეთანხმებების საფუძველზე). ეს ახალი რეალიებია ამიერკავკასიაში, რომლებიც უნდა ვაღიაროთ. ისინი თანდათან აღწევენ გონებაში. ის ფაქტი, რომ ჟენევის დისკუსიებზე ამიერკავკასიის საკითხებში სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველო რუსეთთან, აშშ-სთან, ევროკავშირთან, გაეროსა და ეუთოსთან ერთად თანაბრად მონაწილეობენ უსაფრთხოების პრობლემებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვაში, ადასტურებს, რომ დიალოგის გარდა სხვა გზა არ არსებობს.
„მავთულხლართებთან“ დაკავშირებით ვიტყვი, რომ საზღვრები უთუოდ უნდა იყოს დაცული. დარღვევები ორივე მხრიდან უნდა აღიკვეთოს. არსებობს წესები, რომლებიც მსოფლიო პრაქტიკას ასახავს. „ცხელი თავების“ გაგრილებასთან ერთად მავთულხლართებიც არ იქნება საჭირო. ჩვენ იმის მომხრე ვართ, რომ ჩვენთვის ახლობელი ამერიკავკასიის ხალხები კეთილმეზობლურად, მეგობრულად ცხოვრობდნენ. ვიმედოვნებ, რომ დღის წესრიგში დაბრუნდება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით შეწყდა.