უცხოეთი
ამერიკელთა 52%-ს მიაჩნია, რომ აშშ-მა საკუთარ საქმეებს უნდა მიხედოს და საშუალება მისცეს სხვა ქვეყნებს, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ თავისი პრობლემები, 53% კი ფიქრობს, რომ აშშ ბოლო ათწლეულში დასუსტდა, 70%-ის აზრით, აშშ უწინდებური პატივისცემით აღარ სარგებლობს

1ucx-1-amerikanciსაქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. პის ცენტრის მიერ ჩატარებულ სოციალურ გამოკითხვაში მონაწილე ამერიკელთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ აშშ სხვა სახელმწიფოთა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ამერიკელთა 52% დაეთანხმა მოსაზრებას, რომ აშშ საკუთარი საქმეებით უნდა დაკავდეს და საშუალება მისცეს სხვა ქვეყნებს, დამოუკიდებლად გადაჭრან თავისი პრობლემები.

საპირისპირო აზრისაა მხოლოდ გამოკითხულთა 38%. რესპონდენტთა 10%-მა თავი შეიკავა საკუთარი აზრის გამოხატვისგან, - იუწყება „იტარ-ტასი“.

კითხვაზე „ბოლო 10 წლის განმავლობაში აშშ უფრო გავლენიანი და ძლიერი გახდა თუ არა, დადებითად უპასუხა მხოლოდ 17%-მა. 53% სრულიად საპირისპირო აზრისაა, დანარჩენებმა კი პასუხისგან თავი შეიკავეს.

დიდი უმრავლესობა - რესპონდენტთა 70% მიიჩნევს, რომ დღეს აშშ უწინდებური პატივისცემით აღარ სარგებლობს. რესპონდენტთა მხოლოდ 26 % ფიქრობს, რომ აშშ ისეთივე პატივისცემით სარგებლობს, როგორც უწინ.