პუბლიკაციები
ქართული თანამედროვე პოლიტიკის ბურების აფრიკული მოტივები

burebi3სერიოზულად თუ არასერიოზულად უნდა მივუდგეთ ქართულ-ბურების თემას? საკითხავი აი, ეს არის. რასაც, ვაღიარებ, არ შემიძლია ვუპასუხო. მაგრამ თემა ოფიციალურად გაცხადდა: 41 ათასი ოჯახი (150 ათასამდე ადამიანი) შეიძლება უცებ აღმოჩნდეს საქართველოში მუდმივად ჩაწერილი, უმეტესად - სოფლებში, და ფერმერობას მიჰყონ ხელი.

პიარია თუ არაპიარი?

რას ნიშნავს ეს? ინტენსიური ნაბიჯია აგრარული სექტორის რევოლუციური გარდაქმნისკენ, აფრიკის თეთრკანიანი მოსახლეობის დახმარება, რომელსაც შავკანიანი უმრავლესობა ჩაგრავს, თუ რაღაც სხვა, რაც უბირმა ხალხმა არ უნდა ვიცოდეთ?

ყველა შემთხვევაში, ძნელია, წარმოვიდგინოთ დემოკრატიული სახელმწიფო (როგორიც გვგონია რომ ვართ), რომელშიც ამგვარი, “სახელმწიფოთაშორისი” არაორდინალური პროექტი შეიძლება განხორციელდეს, არ ვიცი, მონარქიის ნებითა და ერთი მუჭა “პირველი კატეგორიის” დიდებულების მხარდაჭერით, არ ვიცი, - “ზემოდან” მითითების თანახმად. შემდეგ უკვე, როცა საქმიანი კონტაქტები დოკუმენტურად დამყარდება, ხელქვეითი ტელეარხებისა და მასმედიის სხვა საშუალებებით გვაცნობებენ, ფაქტი მომხდარია და ქვეყანაში უკვე ცხოვრობს ერთი ბური, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღოო.

ასე გადაწყვიტა ჩვენმა “უმაღლესმა მთავარსარდლობამ” და დასვა წერტილი: მოელაპარაკა აფრიკელ “ბელადებს”, რომლებიც ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად ჯგუფურად ჩამოვიდნენ მომავალ სამშობლოში და ვიდეოკამერებზე გადაიღეს მოწონებული სიუჟეტები, სიუჟეტები, რომლებიც ასახავდა ჩვენი მევენახეობის მასშტაბებს, მობიბინე პურის ყანებს, მსუქანი ფარების სიმრავლესა და ზურმუხტოვან საძოვრებს. შეიძლება, კიდევ რაღაც... განსაკუთრებულად ქართულ-ბურებისას.

ასე დასრულდა ინფორმაციის გაცვლის არამეცნიერული პროცესი. ცოტაღა დარჩა მოსაგვარებელი: თეთრმა ქალებმა, ბურების დიასახლისებმა, უნდა გამოიტანონ “ვერდიქტი” - აიყარონ თუ არა დედაწულიანად და გადასახლდნენ ცხრა მთას იქით, თუ სხვა კონტინენტებზე განაგრძონ “აღთქმული მიწის” ძებნა?

თითოეულის პირადი უფლებაა, როგორ უპასუხონ საქართველოს ხელისუფლების სტუმართმოყვრულ შეპატიჟებას.

ჩვენ კი, ის დროა, სერიოზულად დავფიქრდეთ მორიგი “ინოვაციური” პროექტის გონივრულობის ხარისხზე, რომელიც, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლების დასკვნით, ადასტურებს ხელისუფლების ანტიეროვნულ პოლიტიკას. ამასთან: “სამხრეთ აფრიკიდან ფერმერების ოჯახების ჩამოსახლება ემსახურება ჩვენი მტრების ინტერესებს - დატოვონ საქართველო ქართველების გარეშე”. ლეიბორისტებმა აღნიშნეს, აგრეთვე, რომ “უკვე მომზადებულია კანონპროექტი და ქართველ გლეხებს ჩამოართმევენ დაუმუშავებელი მიწის სავარგულებს, სადაც ბურების ოჯახებს ჩაასახლებენ”.

აგრარული უსუსურობის აღიარება

ჩვენს ნაცვლად რატომ უნდა გააკეთონ ბურებმა ის, რისი გაკეთებაც ვერ შეძლო ხელისუფლებამ?! ხელმძღვანელების “გონივრული და პროგრესული ლოგიკა” პასუხს ვერ გვცემს, თუ რატომ წარმოიქმნა მოცემულ ეტაპზე დაუმუშავებელი მიწის მასივები და რატომ გაიზარდა ორჯერ და მეტად ფასები ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყანაში, რომელსაც “ნაციონალები” მართავენ?!

ერთ-ერთ უცხოურ სტატია-გამოხმაურებაში საქართველოს “ბურიზაციის” საკითხზე ნათქვამი იყო: “არავინ უწყის, რა ბედი ელით სამხრეთ აფრიკიდან საქართველოში გადასახლებულებს და, საერთოდ, გადაბარგდება კი ბევრი ფერმერი ახალ სამშობლოში? მაგრამ თვით ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურვილი აქვს მიიღოს მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა და შეუქმნას მას სამუშაო პირობები, ბევრის მთქმელია”.

მართლაც მრავალი კონტექსტი აქვს ხელმძღვანელების “სურვილის ფაქტს”.

დავიწყოთ ყველაზე მარტივით: შეიძლება თუ არა, ჯანსაღ გონებაზე მყოფს დაებადოს აშკარად ავადმყოფური აზრი, რომ ქვეყანაში, სადაც უამრავი უმუშევარი და ლტოლვილია, რომელიც მესხეთელი თურქების ჩამოსახლების პირზეა, დამატებით მოიზიდოს “მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა, უაღრესად არეულ საწარმოო სექტორში დასასაქმებლად?! და აქვე ასეთი შეკითხვა: რატომ არ შეუქმნეს იგივე პირობები საკუთარ ფერმერებს მაღალპროდუქტიული შრომის უზრუნველსაყოფად?

თანამედროვე მსოფლიო პრაქტიკა არ იცნობს ამა თუ იმ ჩავარდნილი სფეროს გამოსასწორებლად “ლეგიონერების” მასობრივად მოწვევის გამოცდილებას. დღევანდელ მსოფლიოში დაფიქსირებულია შრომითი მიგრაციის საკმაოდ მაღალი დონე, მათ შორის, საქართველოდანაც. პროცესის რეგულირებისა და მისდამი გონივრული მიდგომის გარეშე, გამორიცხული არ არის მცირე ტერიტორიების “ჩინეთიზირება”, “უკრაინიზირება” ან “ამერიკანიზირება”.

რა ვუყოთ ბურების მიგრაციას იმ პირობებში, როცა საკუთარი უმუშევრების არმია კი არ მცირდება, არამედ ინტენსიურად იზრდება? ან როცა ჩვენი პენსიების რაოდენობა, ოფიციალური სტატისტიკით, 50 აშშ დოლარს არ აღემატება? იციან კი ეს აფრიკელმა ფერმერებმა? ვითომ დახარბდებიან ასეთ პენსიას ხანდაზმული ბურები? ცხოვრება მობეზრდათ, თუ რა? თუ ექიმებმა სამკურნალო საშუალებად ხანგრძლივი შიმშილობა გამოუწერეს? მათი დაზღვევა და მკურნალობა როგორ უზრუნველვყოთ? რომელი სახსრებით? ნუთუ ჩვენი ჰუმანური ხელისუფლება ყველა ამ ხარჯს თავის თავზე აიღებს? ფრიად საეჭვოა...

გაურკვეველი და გაუგებარი საკითხი საქართველოს აგრარული სექტორის სრულ “ბურიზაციაში” საკმარისზე მეტია. გვაქვს კი სასტარტო მატერიალური პირობები ამ ბურებისთვის? მიწას, რა თქმა უნდა, უფასოდ მივცემთ. თავზე სახურავი ხომ სჭირდებათ და სხვა კომუნალური უზრუნველყოფა? ეს საკითხები როგორღა მოვუგვაროთ? ხომ ვერ ჩავასახლებთ სტუმრებს “რეზერვაციებში”, იმ სახლებში, რომლებსაც ტუალეტები გარეთ აქვთ და სადაც სამხრეთ ოსეთიდან ლტოლვილი ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ, ან სადღაც წალენჯიხისა და ზუგდიდის საზღვრისპირეთში ხომ არ ვუკრავთ თავს, როგორც აფხაზეთიდან ლტოლვილ მოსახლეობას? ასეთი რამ უფრო დასჯას დაემსგავსება, ვიდრე ლამაზ ჩამოსახლებას ახალ სამშობლოში.

ამიტომაა მისასალმებელი ჩვენი ხელისუფლების ინიციატივა, თითოეულ ოჯახს (რა თქმა უნდა, ბურებისა) ლანგარით მიართვან 50 ათასი აშშ დოლარი. სახლის ასაშენებლად, ჭის გასათხრელად და, ბოლოს და ბოლოს, სახლთან ახლოს ტუალეტის მოსაწყობად.

თუმცა ამის შესაძლებლობა ჩვენ სად გვაქვს?! მაგრამ გვერდითაა განათლებული ევროპა და შორეული, მაგრამ მუდამ გულუხვი ამერიკა. რატომ არ უნდა დაეხმარონ ქართველებს, შეიკედლონ ბურები ტრანსილვანიიდან? მაკეინისა და პენსიონერ ბუშ-უმცროსის დახმარებით, შეიძლება შეაგროვონ ერთი-ორი მილიარდი დოლარი და საქართველოს პრეზიდენტს ინიციატივიან ფეხებთან დაუყარონ, ვისაც არაერთხელ ჩაუყვია ხელი ამერიკის თუ ევროპის ჯიბეებში.

არც ისაა გამორიცხული, რომ აფრიკელებს დიდი ბრიტანეთისა და ჰოლანდიის ბანკებში შეიძლება ჰქონდეთ გადანახული საგვარეულო დანაზოგები. ამ შემთხვევაში ისინი ჩამოსახლებულთა ფერმერულ კატეგორიას ავტომატურად შეიცვლიან აგრარული სექტორის კოლექტიური უცხოელი ინვესტორების სოლიდურ კატეგორიაზე. ესღა დაგვრჩენია იმედად, რისაც, როგორც ჩანს, მტკიცედ სჯერა ჩვენს პრეზიდენტს თავის ხალისიან გუნდთან ერთად. ასე რომ, ბატონო ლეიბორისტებო, თქვენი შიში ქართველთა გადაგვარების შესახებ, უსაფუძვლოა.

სახელი გაგვივარდება კოსმოსური მასშტაბისა. სწორედ ჩვენ შევიკედლეთ ის ბურები, რომლებიც თავის დროზე ებრძოდნენ ინგლისელ იმპერიალისტებს, შემდეგ მრავალი ჭირი გადაიტანეს, დაბოლოს საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდნენ. სწორედ ჩვენ მივესალმებით მათ შემოსვლას დიდ ქართულ ოჯახში. თუმცა გვეეჭვება, რომ ეს მოხდება მანამდე, სანამ საქართველო აშკარად გაჭირვებული კატეგორიიდან არ გადაინაცვლებს სახელმწიფოებრიობის სხვა კლასში.

დარიგება ქართველ ბურებს

სამხრეთ-აფრიკის მკითხველი საზოგადოების ყურადღებას მივაქცევ ზოგიერთ ადგილობრივ “სიანცეს” და უკვდავ ქართულ სურვილს - ყველგან და ყველაფერში ვიყოთ საუკეთესონი და მსოფლიოში უმაღლესნი. ამგვარი მიდგომითაა აღჭურვილი ჩვენი მთავარი სახელმწიფო პირი. ვაშენებთ ცათამბჯენ სასტუმროებს - საუკეთესოს და უმაღლესს მსოფლიოში, ასეთსავე აეროპორტებს და, აგრეთვე, ტუალეტებს დამხმარე სამსახურებით მსოფლიო სტანდარტების დონეზე... ეს საყმაწვილო სენი კი არის, მაგრამ მაინც ფრიად საშიში დაავადებაა, რომელსაც საბოლოოდ პირადი და საზოგადოებრივი შეგნების “არიაზაციამდე” (სიტყვა არიელიდან) მივყავართ.

ამას რა მოჰყვება ხოლმე, კარგადაა ცნობილი ისტორიიდან და გარკვეული დაწესებულებების პაციენტებთან პირადი კონტაქტებიდან. ამასთან დაკავშირებით სხვა, ადგილობრივი ტენდენციაც ვლინდება - ზღვარგადასული მიდრეკილება ფასების გაზრდისკენ, თითქოს ჩვენს ბაღ-ბოსტნებსა და მეცხოველეობის ფერმებში არა ჩვეულებრივი საკვები პროდუქტების, არამედ ბაჯაღლო ოქროს და უმაღლესი ხარისხის შენადნობებს მოიწევენ.

ამასწინათ, პრეზიდენტის ტურისტული გატაცებიდან გამომდინარე, მანქანების გაქირავების ფასები შევადარე ჩვენთან და განვითარებულ ტურისტულ ზონებში. გაირკვა, რომ ჩვენთან ხუთჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში და ამერიკაშიც კი, არაფერი რომ არ ვთქვათ ტურისტებისთვის საყვარელ პორტუგალიასა და კარიბის აუზის კუნძულებზე.

პურის საქმე როგორაა თქვენთან - სამხრეთ აფრიკაში, ბატონო კოლონისტებო? ამ ფრონტზე ჩვენთან შეიმჩნევა პურის განუხრელი გაძვირება ხუთ-ხუთი ცენტით და უეჭველი შემცირება პურის გასაიდუმლოებული წონისა, იმის მიუხედავად, რომ კორუფცია ჩვენთან ძირფესვიანად არის აღმოფხვრილი.

ერთი კილოგრამი რუხი პური, პროლეტარიატისთვის განკუთვნილი, 3,4 ლარი ღირს. დოლარის ეკვივალენტში - 2 “მწვანე”. მასობრივი მოხმარების უძვირესი პროდუქტია, უკრაინის, რუსეთის, ევროპის პურთან შედარებით! ბოდიშს გიხდით სამხრეაფრიკული პურის ფასების შესახებ ინფორმაციის უქონლობის გამო. ამიტომ გირჩევთ: გამოიძღვანიეთ თითოეული ოჯახის სამყოფი ორ-ორი ვაგონი ხორბალი, რამდენიმე წელიწადს რომ იმყოფინოთ. შემდეგ კი, თქვენ, ვინაც ხორბლისა და სიმინდის მოყვანის განთქმულ ოსტატებად ხართ აღიარებული, შეძლებთ უზრუნველყოთ საკუთარი თავიც და ქვეყანაც პურით ჩვენი არსობისა. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი უფროსი უკვე დაჰპირდა ხალხს ორ-სამ წელიწადში მოსავლის გაზრდას 30 პროცენტით. ნუ იძუნწებთ, შემოიტანეთ ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება კარგი სათესლე ხორბალი, აი, მაშინ კი გვეშველება.

ცნობილია, აგრეთვე, რომ თქვენ შესანიშნავი მეხილეები ბრძანდებით, როგორც სამხრეთაფრიკული ხილის სიუხვის შემქმნელები. ოღონდ ჩაინიშნეთ ერთი ადგილობრივი გამოცემის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხილი საქართველოში უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში, რუსეთში და, თავისთავად ცხადია, ვიდრე სამხრეთ აფრიკაში. ასე რომ, ჩირიც მოიმარაგეთ, ჩვენთან რომ ჩამოხვალთ, დაგჭირდებათ.

და კიდევ - ცნობისთვის: “გამოუცხადებელ მსოფლიო ჩემპიონატებში” ჩვენ აღიარებულები ვართ პირველად არა მხოლოდ პროდუქტების გარკვეული კატეგორიის ასორტიმენტში, არამედ კომუნალური მომსახურების ტარიფებშიც. სწორედ ამ გზითა და საშუალებით ართმევს ჩვენი სახელმწიფო მოსახლეობას უკანასკნელ კაპიკებს უცხოური გაზის, ელექტრო, ნავთობის კომპანიების სასარგებლოდ, რათა შეუქმნას მათ კარგი წარმოდგენა თავის თავსა და ქვეყანაზე. და ეს ყველაფერი კეთდება სტერილურ, არაკორუმპირებულ გარემოში უპატიოსნესი ჩინოვნიკების ხელით. ამიტომ უპრიანი იქნება, თავიდანვე მოელაპარაკოთ ჩვენს მთავრობას თქვენთვის წყალზე, გაზზე, ელექტროენერგიაზე და ა.შ. შეღავათიანი ტარიფების დაწესების შესახებ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში დემოკრატიული ცენტრალიზმია დამკვიდრებული, გადაწყვეტილებებს პრეზიდენტი ერთპიროვნულად იღებს.

სასწაულებრივი “ნოუ-ჰაუა” დანერგილი ჩვენთან: საპროცესო გარიგებების სისტემა, რომლითაც დამნაშავე გირაოთი და საგადასახადო საჯარიმო სანქციებით თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. საბოლოო ჯამში, ამგვარი ღონისძიებები ექსპორტის ჯამურ რაოდენობაზე არანაკლები ოდენობით ამდიდრებს სახელმწიფო ბიუჯეტს. ამის გავლენით ჩინოვნიკებს არნახულად გაუცხოველდათ მხილების, დაპატიმრების, ბრალის დადების სურვილი ამ მოსაკრებლების გადაჭარბებით შესასრულებლად და, აქედან გამომდინარე, პირადი პრემიების მისაღებად.

ასე რომ, ბატონო ბურებო, იყავით ფხიზლად და გაფრთხილდით, თავიდან აირიდეთ საეჭვო შეთანხმებები და ურთიერთობანი, რომლებიც შეიძლება ადმინისტრაციული ფანდები აღმოჩნდეს სახელმწიფოს სასარგებლოდ თქვენი ჯიბის გამოსაფხეკად.

სხვაფრივ - ცხოვრება სიხარულია, რასაც თქვენც გისურვებთ!

ქართულ მიწაზე შეხვედრამდე!

 

საქინფორმი