უცხოეთი
„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ლოლიავს აღარ დაუწყებენ“

1ucx-3-exo-kavkazaსაქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. მურატ გეკემუხოვი, „ეხო კავკაზა“: რუსმა ექსპერტებმა ყურადღება მიაპყრეს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის ამასწინანდელ შეხვედრას აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებთან. მათი აზრით, კრემლის კურატორის ზოგიერთი განცხადება ამ შეხვედრაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარებითა და პარტნიორული დამოკიდებულების ხარისხით მოსკოვის უკმაყოფილებას გამოხატავს. აქაოდა, რუსეთი თქვენ გიცავთ და ცოტა ფულს როდი გაძლევთ, რომ რესპუბლიკებში განვითარება და სტაბილურობა, შესაბამისად კი, რუსეთის რეგიონული ინტერესების ხანგრძლივვადიანი გარანტიები და რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების ერთობ სარისკო საგარეო პოლიტიკური პროექტის წარმატება  უზრუნველყოთო. პასუხად კი რესპუბლიკის ელიტები ამ დახმარებას ფლანგავენ, იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკა და სოციალური სფერო განავითარონ, ანუ არ უწყობენ ხელს განვითარებასა და სტაბილურობას, რითაც, საბოლოო ჯამში, რუსეთისთვის მნიშვნელოვანი პროექტის კომპრომეტირებას ახდენენ.

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის კავკასიური კვლევების ცენტრის ექსპერტის ნიკოლაი სილაევის აზრით, კრემლის გაღიზიანება დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ ფულის თვლა დაიწყო. თუკი უწინ ამას არ აკეთებდა, ახლა რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობა ყაირათიანობას მოითხოვს.

აფხაზ დეპუტატებთან შეხვედრისას ვლადისლავ სურკოვმა მათ რეკომენდაცია მისცა, ბიზნესი გაათავისუფლონ, გახსნან სოციალური ლიფტები და წინ წამოსწიონ ენერგიული ადამიანები.