საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დღეს აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ბრიუს დევისს შეხვდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მხარდაჭერა სთხოვა ინსტიტუციური განვითარებისა და თანამედროვე ლაბორატორიის შექმნის კუთხით, რომელიც დაეხმარება სამინისტროს როგორც ახალი კადრების აღზრდაში, ისე მასალების ანალიზში.
„აზიის განვითარების ბანკთან, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ვისაუბრეთ, - განაცხადა დავით ნარმანიამ, - ვიცე-პრეზიდენტს აინტერესებდა ძირითადი მიდგომები, რომლებითაც ჩვენი სამინისტრო საქმიანობს. მან საკუთარი მოსაზრებებიც გაგვიზიარა. სხვა საკითხებთან ერთად მე ბატონ ბრიუსს მხარდაჭერა ვთხოვე თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პროექტის დაწყებასთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილების დაჩქარებაში, რაზეც აზიის განვითარების ბანკის მხრიდან შესაბამისი მზაობა არსებობს“.