საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. 28-29 ნოემბერს ვილნიუსში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების შეხვედრა იმართება, რაც უმნიშვნელოვანეს ღონისძებად იქცევა ევროსაბჭოში ლიტვის თავმჯდომარეობის დროს.
ვილნიუსის შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების 29 ხელმძღვანელი, მთავრობების ხელმძღვანელები და აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და სომხეთის მინისტრები შეიკრიბებიან. ორდღიანი შეხვედრების მიმდინარეობისას 34 ქვეყნის მეთაურები და მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის პროგრესზე იმსჯელებენ და მის მომავალ მონახაზსაც გააკეთებენ.„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დღის წესრიგში შეტანილია საკითხი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ზოგიერთ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნიდან იმიგრანტებთან მიმართებაში გაცილებით მკაცრის ნორმების შემოღების თაობაზე.
ევროკავშირიდან სამიტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპეი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ, ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი ქეთრინ ეშტონი და ევროკავშირის კომისარი გაფართოებისა და მეზობლობის ევროპული პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე.
ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებიდან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, მოლდოვას პრემიერ-მინისტრი იური ლიანკე და ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვლადიმერ მაკეი.
სამიტის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
სამიტის მსვლელობისას დაგეგმილია ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ევროკავშირის მისიებში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება და ავიაციის შესახებ უკრაინასთან შეთანხმების პარაფირება.