უცხოეთი
უკრაინა ვილნიუსში: შეთანხმებას ხელი მოეწერება, მაგრამ არა ახლა...

ukr-vilnussსაქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ჯერ კიდევ ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე უკრაინამ ღონისძიების მთავარი ნიუსმეკერის ადგილი დაიკავა. გადამწყვეტ დღემდე ერთი კვირით ადრე კიევმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაგეგმილი უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის გადადება გადაწყვიტა.

ამით უკმაყოფილო ევროინტეგრაციის მომხრეები უკვე ერთი კვირაა მიტინგებს აწყობენ ევროპის მოედნის სახელით ცნობილ კიევის მოედანზე და მინისტრთა კაბინეტზე იერიშის მიტანას ცდილობენ. ევროკავშირი ქარაგმულად მიანიშნებს, რომ ჯერაც მზადაა შეთანხმებაზე ხელმოსაწერად, თუკი უკრაინა გადაიფიქრებს. თუმცა პრეზიდენტიცა და პრემიერიც აცხადებენ, რომ კიევი ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერას კორექტირებულ პირობებზე დათანხმდება და ისიც, რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკების შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა სამიტის წინ განაცხადა, რომ ვილნიუსში გარკვეული გეგმების გარეშე მიემგზავრება. უკრაინელი პოლიტოლოგის ვადიმ კარასეევის აზრით, ქვეყნის მეთაურმა გამგზავრება ორი მიზეზით არ გადადო: სურს აჩვენოს, რომ ქვეყანაში სიტუაციას აკონტროლებს და ცდილობს გაიგოს, როდის იქნება მზად ევროკავშირი უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების თემის ხელახლა განსახილველად.