პუბლიკაციები
გაზეთი „საკვირაო“: სუბარს პატიმარი სკაიპით ქურდად მოუნათლეს!

anal-3-GEOსაქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს, ა.წ. 28 ნოემბერს, გაზეთი „საკვირაო“ №29 შემდეგ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს:

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში სკანდალი მწიფდება. როგორც კონფიდენციალური წყარო გვატყობინებს, 2013 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, საქართველოში კიდევ ერთი ინაუგურაცია გაიმართა - კერძოდ, ქსნის მე-15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებული .. კანონიერ ქურდადმონათლეს და ეს ყველაფერი სკაიპის საშუალებით მოხდა.

სასჯელაღსრულების სამინისტრო მომხდარ ფაქტს არ ახმაურებს, თუმცა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი საგამოძიებო სამსახურმა უკვე დააკავა. კერძოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ ვარდიძე სამართალდამცველებმა 26 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს. დაკავებული იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რეჟიმის უფროსი ჯიმშელეიშვილიც, თუმცა იგი ამჟამად გათავისუფლებულია.

რაც შეეხება წინასწარ პატიმრობაში მყოფ ვარდიძეს, წყაროს ცნობით, იგი ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა, თუ ალაპარაკდა, ძალიან ბევრს მოისვამს გვერდით.

წყარო გვატყობინებს, რომ თუ ვარდიძე გამოძიებას ჩვენებას მისცემს, სასჯელაღსრულების მთელი რიგი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, მათ შორის, პირველ რიგში, მინისტრ სოზარ სუბარის და გენინსპექციის უფროსის მირზა სუბელიანის.

ოფიციალური ინფორმაციით, ვარდიძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის წაუყენეს, თუმცა არ კონკრეტდება, რაში გამოიხატა მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ჩვენი წყაროს ცნობით, ვარდიძის დაპატიმრება სწორედ ქსნის კოლონიაში პატიმრის ქურდად მონათვლას უკავშირდება. სავარაუდოდ, ამ ამბავს გადაყვება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ღურწკაიაც, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე ისედაც რამდენიმე კვირაა საუბრობენ.

ციხეში პატიმრის ქურდად მონათვლა, თანაც უცხოეთიდან და სკაიპის მეშვეობით, მართლაც შემაშფოთებელი ამბავია და ეს ნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ყველაფერი რიგზე არ არის. წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო პატიმრის ქურდად მონათვლა, სკაპის მეშვეობით? პატიმარს საკანში უნდა ჰქონოდა კომპიუტერი (ლეპტოპი) ან მაღალი დონის მობილური ტელეფონი. ციხის ტერიტორიაზე უნდა მოეხერხებინა ინტერნეტის სიგნალის დაჭერა და ამ გზით უნდა დაკავშირებოდა საზღვარგარეთ მყოფ .. კანონიერ ქურდებს.

უნდა შემდგარიყო .. სკაიპ-კონფერენცია და წარმართულიყო ქურდად მონათვლის პროცედურა, რომელსაც საკმაო დრო დასჭირდებოდა, სავარაუდოდ, ერთი საათი მაინც.

ჩვენი წყარო იმასაც ამბობს, რომ პატიმრის ქურდად მონათვლა შედგა პროექტორის გამოყენებით, ანუ ციხის საკნის კედელი ასრულებდა დიდი ეკრანის ფუნქციას, რომელზეც სპეციალური აპარატურის საშუალებით ვიდეოგამოსახულება მიიღება.

როცა ციხეში ხერხდება ლეპტოპის ან თუნდაც მობილური ტელეფონის და, მით უმეტეს, პროექტორის შეტანა, შემდეგში კი ეს ყველაფერი პატიმრის ქურდად მოსანათლად არის გამოყენებული, რა თქმა უნდა, სისტემის ფაქტობრივი კრახია. როგორც ჩანს, სოზარ სუბარის უწყება ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდა - პატიმრის ცემა-წამება შეწყდა, მაგრამ მსჯავრდებულებს უკიდეგანო თავისუფლება მიეცათ და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კონტროლის მექანიზმი ძალიან შესუსტდა.

თუმცა, ჩვენი წყარო ამბობს, რომ ქსნის კოლონიაში პატიმარ ..- ქურდად მონათვლა სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელთა ნებართვითა და ხელშეწყობით მოხდა. წყარო ამბობს, რომ მინისტრი სუბარი და გენინსპექციის უფროსი სუბელიანი .. კანონიერ ქურდებთან ვალში არიან.

აი, რაშია საქმე: მიმდინარე წლის აგვისტოში სასჯელაღსრულების მე-11 დაწესებულებაში, სადაც არასრულწლოვანი პატიმრები იხდიან სასჯელს, რამდენიმე მსჯავრდებულს შორის მძიმე დაპირისპირება მომხდარა. სიტუაცია კიდევ უფრო რომ არ დაძაბულიყო და საქმე ბუნტამდე არ მისულიყო, მინისტრ სოზარ სუბარს ბრძანება გაუცია, დაპირისპირებული პატიმრები ე.წ. რესბალნიცაზე გადაეყვანათ, კანონიერ ქურდ ტარიელ ფოცხვერიას მიჰგვარეთ და იმან შეარიგოსო.

„რესბალნიცაში“ ფოცხვერიას დაპირისპირებული პატიმრები მართლაც შეურიგებია და ამ ყველაფერს ხელი „რესბალნიცის“ დირექტორმა ნიკა მაჭავარიანმაც შეუწყოო, - გვეუბნება წყარო. ამ ფაქტიდან ცოტა ხანში, კერძოდ, 2013 წლის 14 ოქტომბერს არასრულწლოვანთა კოლონიაში კიდევ მომხდარა დაპირისპირება. საქმის გასარკვევად გენინსპექციის უფროსი მირზა სუბელიანი წასულა, მაგრამ არაფერი გამოსვლია.

ამის შემდეგ ისევ მინისტრ სუბარს გაუცია განკარგულება, დაპირისპირებული პატიმრები ისევ ქურდებს შეარიგებინეთო. ნაჩხუბარი მსჯავრდებულები გლდანის მე-8 დაწესებულებაში წაუყვანიათ და იქ ისინი ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს დაუზავებია.

წყარო ამბობს, ქურდებმა ამდენი პრობლემა რომ მოუგვარეს სუბარს, სანაცვლოდ ქურდის მონათვლის ნებართვა სთხოვეს და 17 ნოემბერს ქსნის კოლონიაში ამიტომ მოხდა უპრობლემოდ პატიმარ ..-ს „კანონიერ ქურდად“ კურთხევაო.

ვინ უნდა აგოს პასუხი ამ ყველაფრის გამო? არის თუ არა საკმარისი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების პასუხისგებაში მიცემა? ხომ არ დგება მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც?

ციხეების მინისტრს რომ ციხეში პატიმარს ქურდად გიკურთხებენ, წესით, უნდა მიხვდე, რომ სისტემას ვერ აკონტროლებ, ქუდი უნდა დაიხურო და წახვიდე. ისე, სოზარ სუბარი თანამდებობას დახამებული კაცის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. იგი რამდენიმე თვის წინათ თავად აცხადებდა, რომ მინისტრის პოსტიდან წასვლა უნდოდა! ეტყობა, ბატონი სოზარი იმდენად ბევრს ფიქრობს თანამდებობის დატოვებაზე, რომ სისტემის გაკონტროლებაზე ფიქრისათვის დრო აღარ რჩება.

საინტერესოა, ასევე, რა ბედი ეწევა დეპარტამენტის უფროს ღურწკაიას? ქსნის კოლონიაში პატიმრის ქურდად მონათვლის გამო მას მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას დააკისრებენ და თანამდებობიდან გაუშვებენ თუ დაპატიმრებული ვარდიძისა და ჯიმშელეიშვილის მსგავსად, მასაც მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება?

და კიდევ - როგორც ამბობენ, ღურწკაიას ადგილმონაცვლე, ანუ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი დიმიტრი დარბაისელი იქნება, რომელიც აქამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს) თბილისის სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

მოსული ხმების თანახმად, დარბაისელს სახარბიელო წარსული და რეპუტაცია არ აქვს.

გარდა ამისა, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები, რომლებიც ჩვენთან კავშირზე კონფიდენციალურად გამოდიან, შიშობენ, რომ დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე უშიშროების კადრის დანიშვნა სისტემის ჩაკეტვას გამოიწვევს და ციხეებში არსებული მდგომარეობა საზოგადოებისა და მედიისათვის ისეთივე გაუმჭვირვალე გახდება, როგორიც სააკაშვილის დროს იყო.

ვნახოთ, რა მოხდება... მანამდე კი სასჯელაღსრულების სამინისტრომ ან უნდა უარყოს, ან უნდა დაადასტუროს ქსნის კოლონიაში პატიმრის ქურდად მონათვლის ფაქტი. ასეთი ამბავი მაინც არ დაიმალება და სჯობს, ოფიციალური განმარტებები გაკეთდეს!

ნინო დარბაიძე

გაზეთი „საკვირაო“ №29 (217) 2013 წლის 28 ნოემბერი - 4 დეკემბერი