პუბლიკაციები
ნინო ბურჯანაძე: „სახელისუფლებო პარტიები ცდილობენ საკუთარ თავზე მოირგონ თვითმმართველობის კანონი“

analit-GEO-2საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ? ა.წ. 27 ნოემბერს, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა:
„დღევანდელი ბრიფინგი ეძღვნება უმნიშვნელოვანეს თემას, რომელიც ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა გახლავთ სტრატეგიული, ეროვნული მნიშვნელობის საკითხი და ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს კანონპროექტის თვისობრივი გადასინჯვა პოლიტიკური პარტიებისა და სხვა დაინტერესებული სუბიექტების ფართო ჩართულობით. სამწუხაროდ ასეთი ტიპის კონსულტაციები ჩვენს პარტიასთან არ გამართულა და ის, რომ ჩვენ კანონ–პროექტი გვაქვს და მოვიპოვეთ, ამისათვის მთავრობას მადლობას ნამდვილად ვერ გადავუხდით.

წარმოდგენილი კოდექსის მეშვეობით, სახელისუფლებო პარტიები, ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობენ საკუთარ თავზე მოირგონ არა მხოლოდ კონსტიტუცია, არამედ კანონი, რომელიც მათ ხელისუფლებში მუდმივად დარჩენას უზრუნველყოფს. ისინი ცდილობენ მუდმივად შეინარჩუნონ ხელისუფლება და ქვეყანაში ხელოვნურად ჩამოაყალიბონ ფსევდო ორპარტიული სისტემა.
კვლავ გრძელდება ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის ისე დაწერა და გადაწერა, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, იმ პარტიებმა, რომლებსაც საზოგადოების რეალური ნდობა ნამდვილად არ გააჩნიათ და ხელისუფლებაში მოხვდნენ მხოლოდ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის წყალობით, რაც შეიძლება მეტი ადგილი მოიპოვონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და გაიმყარონ თავიანთი პოზიციები. 
ასევე შემიძლია გითხრათ, რომ აშკარა მაგალითებია იმისა, თუ როგორ ხდება პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე კანონპროექტის შეტანა განსახილველად და გამოტანა, როგორც ეს ეხებოდა თუნდაც ქალაქ თბილისის მერის უფლებამოსილების შეზღუდვის კანონს, რომელიც შეიტანეს განსახილველად და ახლა გამოიტანეს თავისივე ინიცირებული კანონპროექტი.
კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში არსებულ თვითმმართველობას ფიქტიური უწოდა და წინასაარჩევნო პროგრამაში გამოხატა მზადყოფნა დაეწყო მისი გარდაქმნა ევროპული ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემად. მე ვეთანხმები შეფასებას, რომ დღეს ქვეყანაში რეალური თვითმმართველობა არ არსებობს, მაგრამ ასეთი თვითმმართველობა არ იარსებებს იმ კანონპროექტის მიღების შემთხვევაშიც, რომელსაც ახლა ქართული ოცნება გვთავაზობს. ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო ნამდვილ, ევროპულ თვითმმართველობასთან.  რეალური თვითმმართველობა უპირველეს ყოვლისა კომპეტენციების გამიჯვნას, განსაკუთრებული კომპეტენციებით ადგილობრივი თვითმმართველობის აღჭურვას და რეალურ ფინანსურ გაძლიერებას გულისხმობს. 
იმის მაგივრად, რომ ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის განსახორციელებლად ხელისუფლებას შეემუშავებინა მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგია და აღნიშნული საკითხი საყოველთაო განსჯის საგნად ექცია, მან ერთპიროვნულად,  ერთი შეხედვით ზერელედ, თუმცა ჩვენის აზრით აბსოლუტურად გააზრებულად მოამზადა პროექტი, რომლითაც პირდაპირ ფარული ცენტრალიზაციის გზას დაადგა. 
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  პროექტი არა დეცენტრალიზაციაზე, არამედ არსებითად თვითმმართველი ერთეულების დაშლასა და დე-ფაქტო რეგიონების შემოღებაზეა ორიენტირებული, რაც აუცილებლად გამოიწვევს ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსურ და პოლიტიკურ კრიზისს. 
ქვეყნის ღია თუ შენიღბული რეგიონალიზაცია არის საკითხი, რომელიც უსათუოდ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით უნდა გადაწყდეს და მოწესრიგდეს. 
რეგიონული გაერთიანებების ინსტიტუციური მოწყობა პირდაპირ გუბერნატორების დიქტატის გასაძლიერებისკენაა მიმართული: 
აბსოლუტურად მიუღებელია, რომ რეგიონის მართვის ორგანოებად განისაზღვრება სუსტი სტატუსისა და ფუნქციების მქონე საზოგადოებრივი საბჭო და საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული ძლიერი გუბერნატორი.
შემოთავაზებული მოდელი სინამდვილეში გუბერნატორს აძლევს ძლიერ ბეკეტებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე დიქტატისა და კონტროლის გასამყარებლად. 
ასევე აღნიშნული ცვლილებები გაუმართლებლად გაზრდის ბიუჯეტის ხარჯებს, ხოლო თუ მოხდება ხარჯების ობტიმიზაცია, ამ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობა უბრალოდ ფუნქციას ვერ შეასრულებს.
რაც ყველაზე საგანგაშოა, მუნიციპალიტეტების ნაჩქარევი დაშლა ამ ცვლილების შედეგების სიღრმისეული გაანალიზების გარეშე უდიდეს საფრთხეს ქმნის სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. 
ეს პირდაპირი მუქარაა ქვეყნის სტაბილურობისთვის.
ვაფრთხილებთ ხელისუფლებას: გონს მოეგოს და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილების, რომელიც ქვეყნის სახელმწიფოებრიობას შეუქმნის საფრთხეს. ხელისუფლებაში ხანგრძლივად ყოფნა  ამ ფასად დაუშვებელია. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, როგორ მთავრდება მცდელობები ხელისუფლებაში მუდმივად დარჩენისა ხალხისა და ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ კატეგორიულად მიუღებელია ის ვადები, რომელშიც ამ კანონპროექტის განხილვა ხდება. ყველა საერთაშორისო სტანდარტით, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის რა სისტემით უნდა ვიმუშავოთ და რისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ასე, რომ კანონპროექტის მიღება ამ ვადებშიც დაგვიანებულია.
მივმართავთ არამარტო საქართველოს მთავრობას, არამატრტო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ძალებს, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, რომ ადექვატური შეფასება გააკეთონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა, მათ შორის ამ უმნიშვნელოვანეს თემას, აღარაფერს ვამბობ საარჩევნო გარემოზე, რომელიც თუ არ გაუმჯობესდა  კვლავ ისეთივე დაწერილ ციფრებს მივიღებთ მშვიდი, წყნარი, დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების ფასადის უკან, როგორც ეს მივიღეთ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პრინციპულად უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო და ამისათვის ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ.