საზოგადოება
ვანო მერაბიშვილი: „არც ერთი ადამიანის ბედი არ ღირს იმად, რომ ეჭვქვეშ დადგეს მთელი ერის მომავალი“

vano-merabishvili_1საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. მე უპირობოდ მხარს ვუჭერ ხვალ ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმების ინიცირებას, -  ნათქვამია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქში“ მის გვერდზე გავრცელდა.

ხვალ იწყება ვილნიუსის სამიტი. ღონისძიება, რომელმაც დასაბამი უნდა დაუდოს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ოცნების ახდენას - საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას.

სამიტის წინ, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ყურადღების ცენტრში მოექცა პოლიტიკური ოპონენტების დევნის საკითხი. ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ განაცხადა, რომ "თუ საქართველო ერთგული დარჩება იმ ფასეულობების, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და დაამყარებს კანონის უზენაესობას, არ დაუშვებს შერჩევით სამართალს და ქვეყანაში იქნება თავისუფალი მედია, მაშინ ის უფრო მეტად დაუახლოვდება ევროკავშირს“.

მინდა, დღეს ჩემი პოზიცია მოგახსენოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. არც ერთი ადამიანის ბედი არ ღირს იმად, რომ ეჭვქვეშ დადგეს მთელი ერის მომავალი. მე უპირობოდ მხარს ვუჭერ ხვალ ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმების ინიცირებას“, - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში.