პუბლიკაციები
„დემოკრატიული, წარმატებული და სტაბილური აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნა”

an-geo-barozu-rompuiსაქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ხვალ ევროკავშირის ლიდერები აღმოსავლეთ ევროპელ კოლეგებთან ერთად შეიკრიბებიან ლიტვის ულამაზეს დედაქალაქ ვილნიუსში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე სამიტი გაიმართება. ვილნიუსის სამიტი იქნება მაგალითი ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებისა, უფრო მჭიდროდ შევაკავშიროთ ევროპის კონტინენტის ქვეყნები საერთო ღირებულებებისა და მიზნების გარშემო.

აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ევროკავშირის პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტი ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში უფრო მჭიდრო პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარებისათვის. მასში მონაწილეობენ სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

ჩვენი მიზანია რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული, აყვავებული და სტაბილური სამეზობლოს ეტაპობრივად ასაშენებლად. ეს უნდა იყოს დემოკრატიული სამეზობლო, სადაც დაცულია მრავალპარტიული სისტემა და ძირითადი თავისუფლებები, სადაც პატივს სცემენ სუვერენიტეტს, სადაც დევიზი თანამშრომლობაა და არა კონკურენცია. ეს უნდა იყოს აყვავებული სამეზობლო, სადაც შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი და ბიზნესის შესაძლებლობა, რომელიც თანაბარ სარგებელს მოუტანს როგორც ევროკავშირის, ისე ჩვენი პარტნიორების ბიზნეს წრეებს  და სადაც გამყარდება სატრანსპორტო კავშირები, ადამიანების მიმოსვლა და სტუდენტთა გაცვლა. ეს უნდა იყოს სტაბილური სამეზობლო, სადაც  გაქრება ღია კონფლიქტის რისკი და შემცირდება მიგრაციის გამომწვევი მიზეზები, რადგან ადამიანს ნაკლებად დასჭირდება ქვეყნის გარეთ გასვლა უკეთესი ცხოვრების საძიებლად.

ვილნიუსი დაასრულებს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის პირველ ათწლეულს; სწორედ ვილნიუსში დასრულდება 2009 წელს პრაღაში გამოცხადებული აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ოთხი წელი.  პარტნიორების მიერ შესაბამისი წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე ჩვენ ვაგრძელებთ მათთან ერთად მუშაობას ასოცირების ამბიციურ შეთანხმებებზე, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებს და ნაბიჯებს ევროკავშირისა და რეგიონის ქვეყნებს შორის მიმოსვლის გამარტივებისა და ლიბერალიზაციის მიმართულებით.

ეს შეთანხმებები არა მხოლოდ გზას გაუხსნის პარტნიორებს ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლით უდიდესია მსოფლიოში, არამედ დაეხმარება პარტნიორ ქვეყნებს, განახორციელონ ეკონომიკის რეფორმირება და საზოგადოების მოდერნიზაცია.

სამიტზე დაგეგმილია მნიშვნელოვანი  წინსვლის მიღწევა საქართველოსა და მოლდოვასთან, რომლებთანაც ჩვენ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ მოლაპარაკებები და გვექნება შესაძლებლობა, მოვახდინოთ შეთანხმებების პარაფირება.

ბუნებრივია, დიდი ყურადღება დაეთმობა უკრაინას, რომელთანაც ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, და მოვახდინეთ მისი პარაფირება.  ჩვენი შეთავაზება ვილნიუსში  მათზე ხელმოწერის თაობაზე კვლავ ძალაშია. ამისათვის საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური ნება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მიზანმიმართული ქმედებები და 2012 წლის დეკებერში განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მიმართულებით საგრძნობი წინსვლის მიღწევა.  დარწმუნებულები ვართ, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა უზრუნველყოფს საუკეთესო შესაძლო მხარდაჭერას უკრაინის ეკონომიკური მდგომარეობის, რეფორმების კურსისა და მოდერნიზაციისათვის ყველა უკრაინელისათვის წარმატებული და სტაბილური მომავლის აშენების მიზნით.

ქვეყნების მოდერნიზაცია, ბაზრებისა და თავისუფალი ვაჭრობის გაფართოება ისაა, რითაც, საბოლოო ჯამში, გლობალური ეკონომიკის პირობებში ყველა ისარგებლებს. ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობები არ იქმნება აღმოსავლეთ პარტნიორებისა და მათი სხვა მეზობლების, მაგალითად, რუსეთის, ურთიერთობის ხარჯზე. არავინ ითხოვს ჩვენი პარტნიორებისაგან, უარი თქვან ურთიერთობებზე და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე რუსეთთან. აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩაფიქრებულია, როგორც ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობა, რომელიც ყველა ჩვენგანს მოუტანს სარგებელს. ჩვენ აღმოსავლეთ ევროპელ მეზობლებსა და მთელ რეგიონს ვთავაზობთ მიმზიდველ სტრატეგიულ ხედვას - და ამ ხედვის განხორციელების საშუალებებს. მაგრამ ევროკავშირის წინადადების მიღება, რაც მისი ღირებულებებისა და სტანდარტების გაზიარებასაც გულისხმობს, ჩვენი პარტნიორების სუვერენული არჩევანის საგანია, არჩევანისა, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი გარე ზეწოლისაგან და რომელიც უნდა გაკეთდეს მათი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად. ევროკავშირი  უფრო ღია იქნება და უფრო მეტ მხარდაჭერას აღმოუჩენს მათ, ვისაც სურვილი აქვს განახორციელოს  რეფორმები და მოდერნიზაცია.

დიდი ცვლილებები მოხდა ევროკავშირის საზღვრებთან. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროკავშირი გახდა ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტიციების წყარო, პოლიტიკური ძალა და საიმედო პარტნიორი ჩვენი აღმოსავლეთ მეზობლებისათვის. და ეს ჯერ კიდევ მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, რადგან ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორების  აყვავება მხოლოდ ერთიანი კონტინენტის პირობებში  – გამყოფი ხაზების გარეშეა შესაძლებელი.

ჟოზე მანუელ ბაროზ, ევროკომისიის პრეზიდენტი

 ჰერმან ვან რომპუი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი