უცხოეთი
პრეზიდენტის მიმართვა უკრაინელი ხალხისადმი

ianukoviCსაქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. ძვირფასო თანამემამულეებო!
უახლოეს ხანებში ვრცელ ინტერვიუს მივცემ ტელევიზიას და ყველა კითხვას ვუპასუხებ. დღეს კი მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროპული სტანდარტების საზოგადოების მშენებლობას უკრაინისთვის ალტერნატივა არ აქვს. ჩემი პოლიტიკაც ამ მიმართულებით ყოველთვის იყო და დარჩება თანმიმდევრული. რეფორმები, რომელთაც ჩვენ ვახორციელებთ, ადასტურებს იმას, რომ ევროპული გზით მივდივართ.
ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანის უფლებები, კანონის წინაშე თანასწორობა, არჩევანის უფლება და სოციალური დაცვა მთავარი ფასეულობაა განურჩევლად იმისა, რომელ რეგიონში ცხოვრობ და რომელ მაიდანზე გამოდიხარ.და როგორც პრეზიდენტმა, მინდა დავარწმუნო უკრაინის მოქალაქეები, რომ გავავითარებ და განვამტკიცებ ჩვენი ცხოვრების ამ უდავო ფუნდამენტებს.

ჩვენ ვერავინ მოგვპარავს თანაბარი შესაძლებლობების უკრაინის, ევროპული უკრაინის ოცნებას. ისევე, როგორც ვერავინ გადაგვახვევინებს იმ სწორი გზიდან, რომელსაც ამ ოცნებამდე მივყავართ. ჩვენ დიდი გზა გავიარეთ და წინ კიდევ დიდი გზა გველის. ამ გზაზე ყველაზე რთული იყო, არის და იქნება ეკონომიკური პრობლემები.

თუმცა მე მართალი არ ვიქნებოდი, ყველაზე უპოვარ და დაუცველ ადამიანებზე რომ არ მეზრუნა, რომელთა მხრებსაც დააწვებოდა გარდამავალი პერიოდის ძირითადი ტვირთი.

არ ვიქნებოდი მართალი, ყველაფერი რომ არ მეღონა იმისათვის, რომ ადამიანებს არ დაეკარგათ სამუშაო ადგილები, მიეღოთ ხელფასები, პენსიები და სტიპენდიები.

მინდა, რომ ჩვენს დიდ უკრაინულ ოჯახში მშვიდობა და სიწყნარე სუფევდეს. როგორც მამა ვერ დატოვებს ულუკმაპუროდ ოჯახს, ისე არ მაქვს უფლება, ხალხი ბედის ანაბარა მივატოვო იმ პრობლემებით, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნას, თუკი იმ ზეწოლის გამოისობით, რომელსაც ვგრძნობთ, გაჩერდება წარმოებები და მილიონობით მოქალაქე ქუჩაში აღმოჩნდება.

ამიტომ რთული გადაწყვეტილებების მიღება მიწევს. ვთხოვ ჩვენს ხალხს, ყურადღებით მომისმინოს. არასდროს გადავდგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც უკრაინასა და ხალხს ზიანს მიაყენებს. უკრაინელი ხალხის ნება იყო და იქნება გადამწყვეტი ჩემს ყველა გადაწყვეტილებაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა სირთულეს გადავლახავთ, რადგან არ არსებობს არც ერთი წინაღობა, რომელსაც ვერ გადალახავს ბრძენი და ერთსულოვანი ერი.