პოლიტიკა
„44 წლის, დაუოჯახებელი. მისი მეგობარი ქალი მაკა ჩიჩუა არის მხატვარი და მსახიობი. თავისუფალ დროს გიორგი მარგველაშვილი უთმობს ფეხით სიარულს, ცხენოსნობას და მასპინძლობს მეგობრებს თავის დუშეთის სახლში” - პრეზიდენტის ბიოგრაფია

polit-3-mt-bioსაქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. 3-დღიანი რეორგანიზაციული სამუშოების შემდეგ ამუშავდა მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტის, ბატონი გიორგი მარგველაშვილის ვებსაიტი, სადაც მისი ბიოგრაფია შემდეგნაირად არის წარმოდგენილი:

განათლება 

ბატონმა მარგველაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1992 წელს. 1993-1994 წლებში მან განაგრძო განათლება ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში ჩეხეთში - პრაღაში და 1993-1996 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1998 წელს გიორგი მარგველაშვილმა მოიპოვა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კარიერული გზა

ბატონი მარგველაშვილი მთელი ცხოვრების მანძილზე დაინტერესებული იყო მთამსვლელობით და ადრეულ 90-იანებში მუშაობდა, როგორც მთამსვლელთა გიდი სხვადასხვა სამოგზაურო კომპანიისათვის, მათ შორის „კავკასუს თრეველისთვის“.

1996-1997 წლებში ის ასწავლიდა ფილოსოფიასა და კულტუროლოგიას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. 1995-დან 2000 წლის ჩათვლით იყო ადგილობრივი მთავრობის ექსპერტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თბილისის ოფისში (ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიის გაძლიერებაზე). მომდევნო 12 წელი, 2000-დან 2012 წლის ჩათვლით, გიორგი მარგველაშვილი მუშაობდა სხვადასხვა მმართველ პოზიციაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), მათ შორის რექტორის თანამდებობაზე 2000-2006 წლებში და 2010-დან 2012 წლის ჩათვლით, ასევე  GIPA-ს კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელად 2006-2010 წლებში.

გიორგი მარგველაშვილი ჩაერთო პოლიტიკაში 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც ის შეუერთა ოპოზიციურ ბლოკს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ის იყო მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ღია კრიტიკოსი და აფასებდა მას კორუმპირებულ და ავტორიტარულ ხელისუფლებად. რჩებოდა რა პოლიტიკურად დამოუკიდებელი, გიორგი მარგველაშვილი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.  გიორგი მარგველაშვილის, როგორც მინისტრის, ინიციატივები მოიცავდა პედაგოგთა ხელფასების არსებით ზრდას და ინვესტირებას სკოლების ინფრასტრუქტურულ განახლებაში. 2013 წლის თებერვალში ის დაინიშნა პირველ ვიცე-პრემიერად და ამ რანგში მჭიდროდ მუშაობდა პრემიერ-მინისტრთან ერთად, ამავდროულად ასრულებდა თავის მოვალეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე, ვიდრე 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის კეთილი ნების გამოხატვის მიზნით საკუთარი სურვილით არ დატოვა აღნიშნული თანამდებობა.

პირადი ცხოვრება

გიორგი მარგველაშვილი არის 44 წლის, დაუოჯახებელი. ჰყავს 20 წლის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი, რომელიც არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტი. მისი მეგობარი ქალი მაკა ჩიჩუა არის მხატვარი და მსახიობი. თავისუფალ დროს გიორგი მარგველაშვილი უთმობს ფეხით სიარულს, ცხენოსნობას და მასპინძლობს მეგობრებს თავის დუშეთის სახლში.

polit-3-qvem-bio