კერძოდ, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და მიწვევით, ასტანაში დავესწარი რიგით მე-6 სამოქალაქო ფორუმს, რომელზეც რეგულარულად იკრიბებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები მთელი ყაზახეთიდან, ასევე შუა აზიის რეგიონიდან (ამ კონკრეტულ ფორუმს ხუთასზე მეტი დელეგატი ესწრებოდა). სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერ ვივარაუდე, რომ ფრიად საინტერესო ღონისძიებაზე მომიწევდა დასწრება - როგორც ჩანს, პროფესიონალ პოლიტოლოგზეც მოქმედებს ჩვენს საზოგადოებაში გამეფებული კლიშეები, რომელთა შესაბამისად, „ჩაკეტილ“ ყაზახეთში, აზიის კონტინენტზე, სადაც დასავლეთის გავლენა შედარებით ნაკლებად იგრძნობა, არასამთავრობო სექტორი სუსტი და განუვითარებელი უნდა იყოს. ყაზახეთში 20 ათასამდე საზოგადოებრივი ორგანიზაციაა რეგისტრირებული, რომელთაგან ბევრი, მართალია, მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, მაგრამ წამყვანი ორგანიზაციების რაოდენობაც და, რაც მთავარია, ხარისხი - შთამბეჭდავია. ასტანაში ფორუმზე ასეთი ორგანიზაციების მუშაობის კონკრეტული შედეგებისა და მიღწევების გამოფენა მოეწყო. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გზით საზოგადოებას ყოველ წელს ანგარიშს აბარებენ. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ყოველწლიურ ფორუმებს ყაზახეთის მთავრობის წევრები ესწრებიან და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებს საშუალება აქვთ, უშუალო კონტაქტი იქონიონ თავიანთი საქმიანობის შესაბამისი დარგის ხელძღვანელებთან, აზრები გაცვალონ მათთან და სამუშაო რეჟიმში თავიანთი წინადადებები მიაწოდონ მთავრობას. ყოველივე ეს ფორმალობის გამო, საჩვენებლად, არ ხდება. არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის ყაზახური გამოცდილება სახელმწიფოსთან ჰარმონიულ თანამშრომლობას გულისხმობს, რაც, თავის მხრივ, იმას სულაც არ ნიშნავს, რომ არასამთავრობო სექტორი მთავრობის მიმართ არაკრიტიკულია. პირიქით, კრიტიკა არის და ეს კრიტიკა საერთო-საქვეყნო საქმის წარმატების ინტერესიდან გამომდინარეობს. სახელმწიფო თავად არის დაინტერესებული საზოგადოების მხრიდან ოპონირებაში, რათა უკეთ დაინახოს არსებული პრობლემები, სწორედ ამიტომ სახელმწიფო პირდაპირ უწყობს ხელს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ე. წ. სოციალური შეკვეთების განაწილების სახით. არსებობს უამრავი თემა, რომელზეც მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურები არ მუშაობენ და ამ სამუშაოების წარმოება საზოგადოებრივი ორგანიზაციების საშუალებით ხდება. ყაზახეთის მთავრობა უხვად გამოყოფს ფინანსებს ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის პროექტების განსახორციელებლად.
ყაზახეთის კანონმდებლობით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უცხოური დაფინანსებაც სავსებით მისაღებია, ამ უფლებას საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია იყენებს კიდეც. ქვეყანაში თავისუფლად ფუნქციონირებენ ადამიანის უფლებათა დაცვისთვის მოწოდებული ისეთი ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი ფილიალები, როგორებიც არიან „ემნისტი ინტერნეიშენელი“ და „ჰუმან რაითს უოტჩი“. მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ. უფრო მეტიც, ყაზახეთში ისეთი საეჭვო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციაც არ იზღუდება, როგორიც ამერიკული „ფრიდომ ჰაუსია“ (იგი შემჩნეულია ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ე. წ. ფერადი რევოლუციების პირდაპირ მხარდაჭერაში). მაგრამ ამასთან, სახელმწიფო გარკვეულ ზღვარსაც უდებს უცხოური დაფინანსებით განსახორციელებელ პროექტებს. მთავრობა უფლებამოსილია, მიიღოს ან უარი თქვას ამა თუ იმ პროექტის უცხოურ დაფინანსებაზე. სამაგიეროდ, მთავრობა თავად გამოყოფს საჭირო თანხებს და თავიდან იცილებს უცხოეთის მხრიდან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის საფრთხეს. მე თვითონ დამიწერია ქართულ პრესაში იმის შესახებ, რომ არ შეიძლება სუვერენულ სახელმწიფოში უცხოეთიდან ფინანსურად მხარდაჭერილ ორგანიზაციებს ისეთი დიდი წილი ჰქონდეთ, როგორც ეს საქართველოში ხდება. ამით საზოგადოებრივი სექტორი კი არ ვითარდება, არამედ პირიქით, უცხოეთის ინტერესებს ექვემდებარება, ქართული საზოგადოების ინტერესი კი, ხშირ შემთხვევაში, უგულებელყოფილია. ალბათ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გადაწყვიტა, საქართველოს სასიკეთო მოღვაწეობა საზოგადოებრივი ასპარეზიდან განაგრძოს, ამ უდიდეს დეფიციტს ნაწილობრივ მაინც აღმოფხვრის, მაგრამ ყაზახეთის გამოცდილება, სავარაუდოდ, ქართული სახელმწიფოსთვის აუცილებლად ყურადსაღები უნდა იყოს, თუკი გვსურს, რომ საქართველო ოდესმე გამოვიდეს ძნელად აღსაზრდელთა სკოლის კლასში ჩარჩენილი მოსწავლის მდგომარეობიდან, რომელზეც უცხოელი „ბიძიები“ და „დეიდები“ ზრუნავენ.
ჩემი სუბიექტური შთაბეჭდილებაა, მაგრამ როდესაც ასტანაში გამართული სამოქალაქო ფორუმის მონაწილეთა გამოსვლებს ვუსმენდი და საკუთრივ გამომსვლელებს ვაკვირდებოდი, თვალშისაცემი იყო მათი საქმიანი ტონი და გამოსვლების შინაარსიანობა. გამახსენდა უცხოური გრანტებით დაფინანსებული ქართველი „ენჯეოშნიკების“ დაზეთილი სახეები და მონოტონური ლუღლუღი, რის ცქერა, მოსმენა და წაკითხვა ქართულ საზოგადოებას მოსჯილი აქვს მასმედიის მიერ - კონტრასტი მართლაც დიდია. ყაზახური არასამთავრობო სექტორი, განსხვავებით ქართულისგან, მართლაც რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების კრებულია, მოწოდებული საზოგადოების სამსახურისთვის. მათი მოღვაწეობა რეალურ შედეგზეა ორიენტირებული და არა დილა-საღამოს სატელევიზიო კომენტარებზე. ყაზახეთის სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების განსახორციელებლად წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდ ტენგეს (ანუ 13 მილიონ აშშ დოლარზე მეტს) გამოყოფს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების 80 პროცენტამდე რესპუბლიკური მასშტაბით მოღვაწეობს, ხოლო რეგიონული გაერთიანებების წილი საკმაოდ მოკრძალებულია, ამ მხრივ სახელმწიფო აპირებს დამატებითი მასტიმულირებელი ღონისძიებების გატარებას, რათა ადამიანებმა პროვინციებშიც მეტი ინიციატივა გამოიჩინონ და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის პირობები შეექმნათ. დღესდღეობით ყაზახეთში განსაკუთრებით გამოირჩევიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდობის, ინვალიდებისა და გენდერულ პრობლემებზე მუშაობენ. ასტანის მე-6 სამოქალაქო ფორუმზე დაისვა საკითხი, რომ სახელმწიფომ ნება დართოს მოქალაქეებს, მათი სურვილის შემთხვევაში, თავიანთი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაურიცხონ.
ამგვარად ზრუნავს ყაზახეთის სახელმწიფო საზოგადოებაზე, საზოგადოებრივ აქტიურობაზე. სახელმწიფო პოლიტიკა ეფექტურია ყველა ძირითადი მიმართულებით. ფორუმზე მინისტრებთან გამართული შეხვედრების ფარგლებში (საერთო კრების შემდეგ ყველა დაინტერესებული ორგანიზაციის წარმომადგენლები სხვადასხვა სექციაში გადანაწილდნენ მათთვის საინტერესო პროფილის მინისტრებთან შესახვედრად - მე საგარეო საქმეთა მინისტრის სექცია ავირჩიე) გერმანიის განვითარების და ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელმა ერთგვარი საყვედური გამოთქვა მთავრობის მიმართ, თითქოს ყაზახეთის მთავრობა არასაკმარისად იყენებს დასავლეთის მიერ შემოთავაზებულ დახმარებას და გაუგებარი მიზეზით ამბობს ამ დახმარებაზე უარს. დიდი გამოცდილების მქონე, ლონდონსა და ვაშინგტონში ელჩად ნამუშევარმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა იდრისოვმა არგუმენტირებულად აუხსნა გერმანელ სტუმარს, რომ უმეტეს შემთხვევაში დასავლეთიდან მომავალი ე. წ. დახმარება დეკლარირებულ მიზანს ვერ აღწევს და არაეფექტურია. ასე მაგალითად, გამოყოფილ გრანტებში ხარჯები იმგვარად არის ხოლმე გაწერილი, რომ მათი უდიდესი ნაწილი უცხოეთიდან ჩამოსულ პერსონალს ხმარდება ხელფასებისა და პრემიების სახით, საკუთრივ საქმეზე კი მინიმალური თანხა იხარჯება. ასეთ „დახმარებას“ გვირჩევნია, საკუთარი ძალებით განვახორციელოთ შედეგის მომტანი პროექტებიო - იყო მინისტრის არგუმენტი, რაზეც გერმანელმა სტუმარმა კონტრარგუმენტი ვერ მოიყვანა და იძულებული იყო, ეს პასუხი გაეზიარებინა. პირადად მე თბილისში ვარ მომსწრე ამავე გერმანული ორგანიზაციის (მაშინ „გე-ტე-ცეტ“-ის აბრევიატურით მოქმედი სააგენტო) არაეფექტიანი მუშაობისა, როდესაც მის კომპეტენციაში შემავალ ელემენტარულ საკითხთან დაკავშირებით ვერ მივიღე პასუხი და ერთი ტელეფონის ნომრიდან მეორეზე გადამამისამართეს, მეორიდან მესამეზე და ასე შემდეგ, სანამ “ბერლინამდე არ მივედი“.
დაბოლოს, აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ყაზახეთის ლიდერის, პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის უდიდესი ღვაწლი თანამედროვე „ჩაკეტილი“ ყაზახეთის წარმატებაში. დარწმუნებული ვარ, ნურსულთან ნაზარბაევი ისტორიაში მსოფლიო მასშტაბის დიდ პოლიტიკოსად შევა - არა მხოლოდ ყაზახეთის, არამედ მსოფლიო ისტორიაში. ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, როგორც სპეციალისტი ვამბობ და საკუთარ ნათქვამზე პასუხს ვაგებ. ურთულესი საქმე იყო უზარმაზარ სტეპებზე გაშლილი საზღვრების შენარჩუნება და საყოველთაო თანხმობის დაცვა ეთნიკურად და რელიგიურად მეტად ჭრელ ქვეყანაში, რომელსაც საფრთხის შემცველი შუა აზიის რეგიონი ესაზღვრება. გეოგრაფიულად შესაძლოა „ჩაკეტილი“, რუსეთს, ჩინეთსა და ისლამურ სამყაროს შორის მოქცეული, მაგრამ ურყევი სამშვიდობო კურსის მქონე ყაზახური სახელმწიფო, ყველა დიდი საინტეგრაციო პროექტის ავტორი თუ არა, აქტიური მხარდამჭერი პრეზიდენტი ნაზარბაევის მეთაურობით, სტაბილურად ვითარდება და მომავალს მშვიდად უყურებს. შუაგულ სტეპში აღიმართა ფაქტობრივად სრულიად ახალი ქალაქი - დედაქალაქი ასტანა, ფართო პროსპექტებით, ლამაზი სასახლეებითა და ბაღებით დამშვენებული. ძველი დედაქალაქი - ალმაატა, ასევე ინარჩუნებს თავის ხიბლს და აზიური და ევროპული ქალაქის სინთეზს განასახიერებს. ქალაქებში თითქმის იდეალური სისუფთავეა, წესრიგი და სიმშვიდე. არავინ ყვირის, არ ჩხუბობს, არ მათხოვრობს, არ უზრდელობს... აი, „ჩაკეტილი“ ყაზახეთის ხვედრი, რომელმაც თავისი საგარეო პოლიტიკა სტრატეგიულად რუსეთთან თანამშრომლობას დაუკავშირა და ევრაზიული ინტეგრაციის ფლაგმანად გვევლინება. ევროპისკენ მაცქერალმა სნობიზმით დაავადებულმა ქართული საზოგადოების ნაწილმა ჯერ კისერი აღმოსავლეთით მოაბრუნოს, თვალი გაახილოს და კარგად დააკვირდეს „ჩაკეტილ“ ყაზახეთს. იქნებ აღმოაჩინოს ამ საზოგადოებამ, რომ ჯერ ყაზახეთის დონემდეა დიდი გზა გასავლელი, არათუ ევროპამდე. თუმცა ვეჭვობ, რომ ყველაფერს ყაზახეთის ბუნებრივ სიმდიდრეებს „დააბრალებენ“. რა თქმა უნდა, ყაზახეთის პროგრესში ნავთობს, გაზს, ფერად მეტალებს თავისი როლი აქვს შესრულებული, მაგრამ სხვა პოლიტიკური კურსის პირობებში ბუნებრივი სიმდიდრეები თავის ტკივილად უფრო ექცეოდა ყაზახეთს, ვიდრე აყვავების საწინდრად. გასული საუკუნის ლათინური ამერიკის ისტორია გვასწავლის, რომ ბუნებრივი წიაღისეულის - ნავთობის, ოქროს ფლობა თავისთავად არ მოასწავებს ბედნიერი სახელმწიფოს აშენებას, პირიქით, იგი შეიძლება სახელმწიფოს გაბანკროტების და კოლონიად გადაქცევის მიზეზად იქცეს. ჩვენ, ქართველებმა, რაც გვაქვს - ღვინო, მინერალური წყალი, ციტრუსი თუ სხვა, ის ვერ გამოვიყენეთ, საკუთარი თავი გამოვაძევეთ რუსეთის ბაზრიდან და ვეჭვობ, ჩვენ რომ ნავთობი და ბუნებრივი აირი გვქონოდა, იმასაც ასეთივე „წარმატებით“ გამოვიყენებდით.
ყოველივე ამის გამო ყაზახეთის მაგალითი ჩვენთვის დაფიქრების საფუძველი უნდა გახდეს.
გულბაათ რცხილაძე
პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი,
ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი