პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის - პეტრე ცისკარიშვილის განცხადება

ciskarishvili7ყოველკვირეული გაზეთის “საქართველო და მსოფლიო” და საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის მიერ მასმედიის ამ საშუალებათა საიტებით (www.geworld.net, www.saqinform.ge) გავრცელებული განცხადების შემდეგ რედაქციაში დარეკა საპარლამენტო ფრაქციის “საქართველოს ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა, რომელმაც, კერძოდ, განაცხადა: “ეს იყო ბინძური პროვოკაცია, რომლის მიზანი ჩემსა და თქვენს გამოცემას შორის მტრობის ჩამოგდებას, რეალიების გათვალისწინებით კი - მასმედიასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირებას ისახავდა მიზნად.

მსგავსი რამ არასდროს მითქვამს და ვერც ვიტყოდი! სამწუხაროდ, ასეთი პროვოკატორები ჩვენთან იშვიათობა არ არის. თუ მომავალშიც კვლავ გამეორდება მსგავსი რამ, დაუყოვნებლივ დამირეკეთ და შევეცდები, გამოვიყენო ყველა ხელმისაწვდომი რესურსი, რათა გამოვთვალო ანონიმი. პრესის თავისუფლება და ჟურნალისტების ხელშეუხებლობა იყო და რჩება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად და ამგვარი პროვოკაციების უფლებას არავის მივცემთ. გამორიცხული არ არის, რომ ეს სპეციალურად იყო გაკეთებული, რათა თუ თქვენს ჟურნალისტებს ან რედაქციების ოფისებს მომავალში მართლაც რაიმე შეემთხვევა, ვიღაც ბინძურმა ადამიანებმა, რომელთაც აქვთ პრეტეზია, იწოდებოდნენ პოლიტიკურ ოპოზიციად, ამის გამო მოაწყონ პიარაქცია და პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ.”

მკითხველებს შევახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ყოველკვირეულ გამოცემაში “საქართველო და მსოფლიო” (№40, 2010 წლის 3 ნოემბერი) გამოქვეყნდა ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელ ნანა კაკაბაძესთან, რომელშიც ნახსენები იყო მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, ანონიმმა წყარომ დარეკა რედაქციაში და გვაცნობა, რომ მზადდება რეპრესიები გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსა” და მისი პარტნიორის - საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის წინააღმდეგ. ანონიმურმა წყარომ, კერძოდ, გვაცნობა, რომ პუბლიკაციით განრისხებულმა ბატონმა ცისკარიშვილმა, თითქოს გასცა განკარგულება, სასწრაფოდ და ნებისმიერი მეთოდით უზრუნველეყოთ ამ ორი გამოცემის დახურვა და ზემოთ ნახსენები პუბლიკაციის ავტორის დასჯა.