უცხოეთი
აშშ-ის ელჩმა აზერბაიჯანში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ცრუპენტელა უწოდა

richard_morningstarსაქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ყველა ძალისხმევას მიმართავს მთიანი ყარაბაღის საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებული შემოქმედებითი ინიციატივების გასაძლიერებლად. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მორნინგსტარმა „რადიო აზადლიგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია თამამი იდეები წამოვაყენოთ კონფლიქტის გადაჭრის, დარეგულირების გაიოლების საქმეში, თუმცა მხარეები თავად უნდა მივიდნენ შეთანხმებამდე“, - განაცხადა ელჩმა.

აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრასთან დაკავშირებით მორნინგსტარმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტებმა თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და კონკრეტული ნაბიჯები გადადგან დარეგულირების საქმეში.

იმავე ინტერვიუში მორნინგსტარი შეეხო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მეხთიევის განცხადებას იმის შესახებ, რომ ეს უკანასკნელი ელჩს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამერიკის მხარის განცხადებაზე შეუთანხმდა.

„ცხოვრებაში ბევრ საქმეს ვაკეთებ, მაგრამ ადამიანის აზრების კითხვა არ შემიძლია. არ მინდა ნათქვამი გავიმეორო - მეხთიევის განცხადება სრული სიცრუეა“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.