სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი: “თქვენ 9 წლის განმავლობაში 300 ათასი ადამიანი გაასამართლეთ! თქვენი რეჟიმი ნეოფაშისტური წარმონაქმნი იყო! არსებობს ძალიან სერიოზული მონაცემები - როგორ იძლეოდნენ დაკვეთებს, როგორ ხდებოდა ადამიანთა გატაცება, მკვლელობა... ასე რომ, დაელოდეთ.

sam-1-Raribსაქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, გუშინ, 19 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობას და უმრავლესობას შეხვდა. საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმიდან ჯერ დისპუტში, შემდეგ კი სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა, რომელიც “ნაცმოძრაობის” დეპუტატების გივი თარგამაძის, ჩიორა თაქთაქიშვილის, ირმა ნადირაშვილის, გოგა ხაჩიძის და, განსაკუთრებით, გია ბარამიძის მიერ იყო პროვოცირებული.

მკთიხველს ვთავაზობთ ფრაგმენტს ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი გამოსვლიდან პარლამენტში - მის პასუხს გივი თარგამაძეს, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ “ვასილიჩის” მეტსახელით არის ცნობილი:

დღეს საქართველოში არის რეალური დემოკრატია, რომელზეც თქვენ ყოველთვის საუბრობდით, მაგრამ არასოდეს აგიშენებიათ. თქვენი დემოკრატია იყო ფასადური, სიცრუესა და სიყალბეზე დაფუძნებული! გინდათ გითხრათ რატომ ხდებოდა ეს? ყველას გეშინოდათ, სწორედ თქვენი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, გეშინოდათ მისთვის შენიშვნის მიცემა, იმიტომ რომ ციხე იყო საშინელი, ადამიანებს აუპატიურებდნენ ცოცხებით, ”დუბინკებითდა .. ეს არის რეალობა და ეს უნდა აღიაროთ! თქვენ წარმოადგენთ წინა მთავრობას, რომელმაც დააპატიმრა და ერთი წლის განმავლობაში უკანონოდ ჰყავდა ციხეში ჩემი ოჯახის წევრი! ჩემი ოჯახის წევრის მსგავსად თქვენ 9 წლის განმავლობაში 300 ათასი ადამიანი ჩასვით! თქვენი რეჟიმი ნეოფაშისტური წარმონაქმნი იყო! არსებობს ძალიან სერიოზული მონაცემები - როგორ იძლეოდნენ შეკვეთებს, როგორ ხდებოდა ადამიანთა გატაცება, მკვლელობა!

ასე რომ, დაელოდეთ...”