სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოსთან ვიზების გაუქმებასა და დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობაზე შეთანხმებებს ხელი მოაწერა

1-vizebi-sam-2საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ეროვნული პასპორტების მფლობელთათვის ვიზისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმებას. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხოლო ისრაელის მხრიდან – ისრაელის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ფაინა ქირშენბაუმმა. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის ისრაელის სახელმწიფოში 6 თვის განმავლობაში 90 დღით უვიზოდ ყოფნას.

აგრეთვე, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“. დოკუმენტი განსაზღვრავს მხარეებს შორის თანამშრომლობის წესებს ყველა იმ მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს საჯარო უსაფრთხოების სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება.