საზოგადოება
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ყიდვას მომხმარებელი ინტერნეტ მაღაზიაში შეძლებს

internet-shopსახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ყიდვას მომხმარებელი სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შეძლებს. როგორც საქინფორმს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, მომსახურების სააგენტო მომხმარებლებს მომსახურების თანამედროვე და მარტივ გზას - ინტერნეტ მაღაზიას სთავაზობს.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ამოქმედება მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი და ისარგებლოს თბილისის მასშტაბით ადგილზე უფასოდ მიტანის სერვისით. ინტერნეტ მაღაზიაში წარმოდგენილი ქონების ფასები საბაზრო ღირებულებაზე 20-30%-ით ნაკლებია.

www.eauction.ge ვებ-გვერდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს ინტერნეტ აუქციონში, გაეცნოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კუთვნილ 3 მაღაზიაში გასაყიდად გამოტანილი საქონლის სრულ ჩამონათვალს, მათ ფოტოებსა და ფასებს.

ახალი მომსახურების პრეზენტაცია ფინანსთა სამინისტროში დღეს გაიმართება.