უცხოეთი
"ეს საკითხი არც განიხილება. საქართველოს იურიდიულად აქვს გაცხადებული ვალდებულება ძალის არგამოყენებაზე და ჩვენ ოკუპირებულ რეგიონებთან რაიმე სახის დოკუმენტზე ხელმოწერას არ ვაპირებთ. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციამ უპასუხოს საქართველოს გაცხადებულ ვალდებულებას", – განაცხადა ზალკალიანმა ჟენევის დისკუსიების დაწყების წინ.
მანამდე ჩირიკბას მიერ გაკეთებული განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება თბილისისა და სოხუმის ურთიერთობაში.
,,ჩვენი მიზანია, რომ აფხაზეთმა და საქართველომ მიაღწიონ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, სხვა სიტყვებით – მშვიდობის შეთანხმებას. ჯერ ჩვენ ამისგან შორს ვართ, მაგრამ თუ ახლა განსახილველი შეთანხმება მიღებული იქნება, ეს აჩვენებს მხარეების მზადყოფნას შეთანხმებაზე,”- აღნიშნა მან.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი კი აცხადებდა, რომ რუსეთი 2008 წლის ომში კონფლიქტის მონაწილე მხარე არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც ასეთ ვალდებულებას აიღებს. იგი ქართულ მხარეს ზემოხსენებული შინაარსის ხელშეკრულების ცხინვალთან და სოხუმთან დადებას ურჩევდა.