უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილმა ვილფრიდ მარტენსი სიკვდილის შემდეგ წმ. გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა

1martensსაქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი ვილფრიდ მარტენსი სიკვდილის შემდეგ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში ვილფრიდ მარტენსის მეუღლეს, ცნობილ ბელგიელ პოლიტიკოსს, ევროპარლამენტარ მიტ სმეტს გადასცა. ქვეყნის პირველმა პირმა ვილფრიდ მარტენსის იმ ღვაწლზე ისაუბრა, რომელიც განუზომელია მთელი მსოფლიოსთვის. მისი თქმით, მარტენსის თაობამ შეძლო სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა და ახალი ღირებულებების დამკვიდრება.

დიდი იყო მისი წვლილი არა მარტო ევროპის, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც კი, რადგან მისმა თაობამ, მისი აქტიური მონაწილეობითა და ლიდერობით, შეცვალა მსოფლიო და ჩვენ ეს კარგად ვიცით. ჩვენ გავიზარდეთ არათავისუფალ გარემოში და მისი და სხვა მსოფლიო ლიდერების წყალობით, როგორებიც იყვნენ რეიგანი, მარგარეტ ტეტჩერი და სხვები, მსოფლიო გახდა ისეთი, როგორიც არის დღეს - ბევრად უკეთესი, უფრო დიდი შესაძლებლობებით. გასაოცარი იყო მხოლოდ ის, რომ სხვები არ ფიქრობდნენ ამის აუცილებლობაზე - სიახლის აუცილებლობაზე. იგი მუდმივად ახლის ძიებაში იყო. ეძებდა ახალ გამოწვევებს და აღტაცებას გამოხატავდა ახალგაზრდების მიმართ. მე ეს ვიცი, რადგან ზოგიერთი ჩემი მეგობარი 90-იან წლებში იმყოფებოდა ბრიუსელში და ის იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც მიესალმებოდა და გზას უხსნიდა ახალგაზრდა პოლიტიკოსებს; გულში იკრავდა და რჩევებს აძლევდა მათ.

ბელგიისთვის, ევროპისა და ჩემი ქვეყნისთვის ამ დიდი ფიგურის მიმართ ჩვენი გულწრფელი მადლიერების ნიშნად, მინდა თქვენ გადმოგცეთ საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიტ სმეტმა მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს მისი მეუღლის დაფასებისთვის და აღნიშნა, რომ ვილფრიდ მარტენსი დიდად აფასებდა საქართველოს პრეზიდენტის წვლილს ქვეყნის ტრანსფორმაციის საქმეში.