აქტუალური
საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იქნება

1farcxalaZeსაქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მომავალ შეხვედრაზე იმსჯელებს, თუმცა აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებებს ახალი პრემიერი მიიღებს.

მმართველ გუნდში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას თეა წულუკიანის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ. ასევე არ აკონკრეტებენ, გახდება თუ არა შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ამჟამინდელი მოადგილე ვახტანგ გომელაური.

„თეა წულუკიანის თუ ყველა სხვა შემთხვევა არის მომავალი პრემიერის პრეროგატივა. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ნებისმიერი ცვლილების პირობებში მთავარი რამ იქნება დაცული: ეს არის დემოკრატიულობა გადაწყვეტილებების მიღების დროს და ყველაფერი უნდა გამომდინარეობდეს იქიდან, რა აჯობებს დღეს საქართველოსთვის“, - აცხადებს კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არმაზ ახვლედიანი.

„კონსულტაციები „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გომელაურთან დაკავშირებით არ გამართულა. დაგეგმილი გვაქვს პარტიის ყრილობა, სადაც ასევე ვაპირებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დავასახელოთ პარტიის თავმჯდომარედ. დიდი წარმატებით გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ამიტომ არ გამიკვირდება, თუკი ღარიბაშვილი თავისი მოადგილეებიდან შეარჩევს ერთ-ერთს“, - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ელისო ჩაფიძემ.

არაერთგვაროვნად აფასებენ პოლიტიკოსები არჩილ კბილაშვილის პოსტიდან წასვლას და მის ერთწლიან მუშაობას. კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მმართველ გუნდსა და კბილაშვილს შორის ყოველგვარ დაპირისპირებას გამორიცხავენ, თუმცა აცხადებენ, რომ მან ვერ მოახერხა მკაცრ და შეუვალ პროკურორად ტრანსფორმირება.

საპარლამენტო უმცირესობა კი პროკურორის გადადგომის გადაწყვეტილებას ლოგიკურს უწოდებს. მათი განცხადებით, კბილაშვილი არასოდეს ყოფილა მთავარი პროკურორი და პროკურატურას რეალურად მისი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მართავდა.

არჩილ კბილაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა, პოსტს კი ოფიციალურად პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს.

„რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ პირდაპირ ეთერში ბატონი არჩილის მიერ გაკეთებული მინიშნებები მის გადადგომასთან დაკავშირებით და რაღაც სიახლე არ იყო ეს ჩემთვის. მინდა აღვნიშნო, რომ გუნდში არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია ბატონ კბილაშვილს არც ბატონ ბიძინასთან, არც ბატონ ირაკლისთან“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

უკვე ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს არჩილ კბილაშვილს. მთავარი პროკურორის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი ოთარ ფარცხალაძეს შესთავაზებს, რომელიც ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობს. ინფორმაციას ფარცხალაძის დანიშვნის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურშიც ადასტურებენ.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ფარცხალაძე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მანამდე ის ამავე სამსახურში ჯერ შიდა ქართლის სამსახურის უფროსად, შემდეგ კი მოადგილედ მუშაობდა.