უცხოეთი
საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს აფხაზეთში დაიწყო სასამართლო პროცესი ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე. ამის შესახებ სააგენტო „რეგნუმი“ იუწყება.
პროცესი რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში მიმდინარეობს.როგორც უწინ აფხაზეთის პროკურატურა იტყობინებოდა, სისხლის სამართლის საქმე 10.000-ზე მეტ ფურცელს (43 ტომს) ითვლის. ნივთიერ მტკიცებულებად 50-ზე მეტი საგანია აღიარებული. საქმეზე ჩატარებულია ათობით ექსპერტიზა რუსეთის სხვადასხვა დაწესებულებაში.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ანქვაბს, რომელიც რესპუბლიკის სათავეში 2011 წლიდან იმყოფება, არაერთხელ დაესხნენ თავს. ბოლო თავდასხმა 2012 წლის დასაწყისში მოხდა, როცა ანქვაბის ავტომანქანა ავტომატური იარაღიდან დაცხრილეს. შედეგად დაიღუპა ორი მცველი, თავად ანქვაბი არ დაზარალებულა.
აღნიშნულ საქმეზე დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის ბიზნესმენი ანზორ ბუთბა. დაკავებულებს ბრალი რამდენიმე ეპიზოდში წაუყენეს. გამოძიების მიმდინარეობისას ორმა ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.