პუბლიკაციები
საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ „საპარლამენტო არჩევნებამდე ახალაიებსა და ალასანიას შორის გარიგება შედგა, რის შედეგადაც კოალიციამ სამეგრელოში არჩევნები წააგო, როლანდ ახალაია დეპუტატი გახდა, დათა ახალაიას კი ალასანია ქვეყნის დატოვებაში მიეხმარა“.
მისივე თქმით, პროკურატურაში თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შესახებ ჩანაწერები არსებობს, რომლებზეც ალასანიასა და ახალაიების ინტენსიური შეხვედრებია ასახული. „დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი საუბრობს იმაზე, რომ ის 1 ოქტომბრამდე სამეგრელოში იმყოფებოდა და პირდაპირი შეხება ჰქონდა როგორც ''ნაციონალებთან'', ისე ''ოცნებასთან'' და იცის ბევრი ისეთი რამ, რაც საზოგადოებისთვის უცნობია. ეს ადამიანი აცხადებს, რომ ის 2 მილიონი დოლარი, რომელიც გამოყოფილი იყო არჩევნებისთვის, არ მოხმარდა არჩევნებს ალასანიას მხრიდან. ამასთან ერთად, დაინახა რა ალასანიამ ახალაიას ძალა სამეგრელოში, მან გადაწყვიტა, კი არ შეჰბრძოლებოდა, არამედ გარიგებოდა ახალაიას გარკვეული სქემით: ის აძლევდა საპარლამენტო მანდატს როლანდ ახალაიას, სამაგიეროდ საპრეზიდენტო არჩევნებში ახალაიები იმუშავებდნენ ალასანიაზე. ეს იყო იმ საუბრის კვალდაკვალ, როცა ბიძინა ფიქრობდა, ალასანია საპრეზიდენტო კანდიდატად დაეყენებინა. რადგან ამ ადამიანმა იცოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე საპარლამენტო მანდატი, რადგან პარლამენტში ის მაინც ხვდებოდა, ამიტომ ახალაიას გაურიგდა სამომავლო კარიერის ასაწყობად. თანხა რეალურად არც დაუხარჯავს. ალასანია ახალაიებს სხვა ამბავშიც დაეხმარა, ის დათა ახალაიას გადაყვანაში ეხმარებოდა, თურქეთშიც გარკვეული ვოიაჟები ჰქონდა“, – ამტკიცებს მჟავანაძე, რომელიც ინფორმატორს არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ჩანაწერის ავტორის ვინაობა პროკურატურისთვის უკვე ცნობილია, ვიდეოჩანაწერი კი საგამოძიებო უწყებას გადაეცა.