სამართალი
„თანამდებობიდან გადამდგარი გუბერნატორები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ - თანამდებობიდან გადადგომას კანონის ვალდებულებად კი არა, არჩეულ პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეუთავსებლობით ხსნიან!”

sa-1-gubernatorსაქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენის შემდეგ საქართველოს რეგიონებში პრეზიდენტის 9 რწმუნებულიდან 6-მა მოქმედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადადგომის თაობაზე მიმართა და თანამდებობის დატოვების მიზეზად გამარჯვებულ საპრეზიდენტო კანდიდატთან თანამშრომლობის შეუძლებლობა დაასახელა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, გადამდგარმა გუბერნატორებმა თანამდებობების დატოვება პოლიტიკური მანიპულაციების საკითხად აქციეს და საზოგადოებისთვის არ მომხდარა რეალური ვითარების განმარტება – გადადგომა პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა თუ კანონის პირდაპირი მოთხოვნის შედეგად.

ახალგაზრდა ადვოკატების შეფასებით, თანამდებობიდან გადამდგარ გუბერნატორებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, რადგანაც კონსტიტუციური ცვლილებების თანახმად, გუბერნატორები პრეზიდენტის წინაშე ანგარიშვალდებული აღარ იქნებოდნენ. გუბერნატორებს გადადგომის შესახებ განცხადება რომც არ დაეწერათ, კონსტიტუციური მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ თანამდებობის დატოვება მაინც მოუწევდათ, რადგანაც სახელმწიფო რწმუნებულები, ახალი საკონსტიტუციო რეგულაციებით, პრეზიდენტის ნაცვლად, საქართველოს მთავრობისა და პრემიერმინისტრის წინაშე ხდებიან ანგარიშვალდებული.

კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, რომლებიც ძალაში ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ შედის, გუბერნატორის ინსტიტუტი მთლიანად მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის და ინსტიტუტის კონტროლი პრეზიდენტს მთავრობის ნებართვის შემთხვევაშიც კი აღარ შეუძლია.