სამართალი
„ჯეოსელი“ შესაძლოა საერთაშორისო სკანდალში გაეხვეს - საქართველოს ხელისუფლება უკანონო მოსმენებისათვის „ერიქსონის“ ტექნოლოგიებს იყენებს?!

jeocellსაქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების უკანონო მოსმენებისთვის შესაძლოა, შვედური სატელეკომუნიკაციო გიგანტის, „ერიქსონის” ტექნოლოგიებს იყენებდეს, - ამის შესახებ ინფორმაცია „ფრანს-პრესმა“ გაავრცელა.

კომპანია "ერიქსონის" წარმომადგენელთა განცხადებით, ტექნოლოგია, რომელიც თავდაპირველად დამნაშავეთა მოსასმენად შეიქმნა, სტანდარტულია და “ერიქსონმა” 2005 წელს კომპანია “ჯეოსელს” ქსელურ აღჭურვილობასთან ერთად მიჰყიდა.

 

ტექნოლოგიის დანიშნულება კრიმინალთან ბრძოლაა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, მას სხვა მიზნებისთვის იყენებს”, – განაცხადა კომპანია “ერიქსონის” პრესმდივანმა ფრედრიკ ჰალსტანმა.

კომპანიისავე ცნობით, საქართველოს ხელისუფლებას 21 ათასი მობილური ტელეფონის მოსმენის ტექნიკური შესაძლებლობა ჰქონდა, რომელთა ერთი მესამედი "ჯეოსელის" აბონენტია. "ფრანს-პრესში" ნათქვამია, რომ "ჯეოსელის" აღმასრულებელი დირექტორის, პასი კოისტინენის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით, მოსმენები სამართლებრივი იყო.

"თუ ეს მოსმენები უკანონოა, ცხადია, "ერიქსონმა" და "ჯეოსელმა" პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ", - აცხადებს თავის მხრივ შვედეთის Amnesty International-ის პრესმდივანი ელიზაბეთ ლოფგრენი. 

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კომპანია „ჯეოსელმა“.

„თელიასონერასა" და მისი ადგილობრივი წარმომადგენლის "ჯეოსელის" უმთავრეს ფასეულობას წარმოადგენს ადამიანის უფლებების, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, მოქალაქეთა პირადი დაცვის უზრუნველყოფა. „ჯეოსელი“ პირველი მობილური ოპერატორია საქართველოში, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში დიალოგი წამოიწყო მთავრობასთან, რადგან კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო, მომხდარიყო კანონის ცვლილება იმგვარად, რომ აღარ განხორციელებულიყო შესაბამისი სამსახურების მიერ ქსელთან პირდაპირი წვდომა სასამართლოს დადგენილების გარეშე. ამ მხრივ უკვე პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგა და ჩამოყალიბდა კომიტეტი, რომელიც მოსმენებზე მუშაობს", - ნათქვამია „ჯეოსელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.