სამართალი
შსს: „პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალება ყოვლად უპასუხისმგებლოა!“

sa-2-Sssსაქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალებას ყოვლად უპასუხისმგებლო და უკიდურესად შემაშფოთებელ გადაწყვეტილებად აფასებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია შეწყალების ეს ფაქტი. პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის ყოვლად უპასუხისმგებლო და უკიდურესად შემაშფოთებელი, ვინაიდან შეწყალებულთა უმეტესობა სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა“, - განაცხადა შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

შსს–ს ინფორმაციით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალებულ პირთა შორის არიან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული 15 და განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული 4 პირი. ღარიბაშვილის უწყების ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის არიან ყაჩაღობისა და ნარკოტიკების რეალიზებისთვის ბრალდებულებიც.

ზურაბ ჭიაბერაშვილი კი აცხადებს, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილება მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ სამართლებრივ ჩარჩოებს არ სცილდება.

„ქვეყანაში, სადაც მაღალია პოლიტიკური ტემპერატურა და სხვადასხვა ინსტიტუტს სხვადასხვა პოლიტიკური ძალა აკონტროლებს, ბუნებრივიც არის, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას არ მოსწონდეს მეორის მიერ შეწყალებული ადამიანების რიცხვი - მაგალითად, მე არ მომწონს ის, რომ პარლამენტის ამნისტიით გამოვიდა რუსეთის აგენტი შკრილნიკოვი და ვიღაცას, ჩვენს სპოლიტიკურ ოპონენტებს შეიძლება არ მოსწონდეთ პრეზიდენტის მიერ კონკრეტული ადამიანების შეწყალება, მაგრამ ეს პოლიტიკური შეფასების საკითხია. პრეზიდენტი მოქმედებდა იმ სამართლებრივი ჩარჩოს პირობებში, რომელიც მას აძლევს ამ ტიპის ინდივიდუალური შეწყალებების საშუალებას“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.