სამართალი
მიხეილ სააკაშვილმა 250-მდე მსჯავრდებული, მათ შორის ზურაბ ადეიშვილის ძმა შეიწყალა

pomilovalსაქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს  პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 248 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 170 სასჯელისგან სრულად გათავისუფლდა. შეწყალებულებს შორის არიან იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძმა დავით ადეიშვილი, ბუტა რობაქიძის საქმეზე გასამართლებული ყოფილი პოლიციელი მაიზერ ლიპარტელიან, რომელმაც უკვე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება და, ასევე, ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებული ცოტნე მამულაშვილი.

საქინფორმის მკითხველს შეახსენებთ, რომ დავით ადეიშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ბრალდებული და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. ოფიციალური ინფორმაციით, ის მიმალვაში იმყოფება და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ძებნილი ნიკოლოზ ძიმცეიშვილი, რომელიც ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს მის მოადგილედ მუშაობდა.

ძიმცეიშვილს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

შეწყალების შესახებ ინფორმაცია სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა დაადასტურა, რომლის შეფასებით, შეწყალების ეს აქტი ხალხის ნებისა და სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.