პუბლიკაციები
ივანიშვილი: „რუსეთი ევროინტეგრაციის გზაზე ვერ შეგვაჩერებს“

zar-1საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ წავა. Die Welt-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მთავრობაში მისი ორწლიანი მუშაობისას ყველაფერი აუცილებელი გააკეთა.

„მე გადავაყენე ძველი ავტორიტარული მთავრობა და შევქმენი ახალი, კარგი მთავრობა. ახლა მინდა საზოგადოების განვითარებით დავკავდე. საზოგადოების აქტიური წევრი გავხდები“, - განაცხადა მან.

უახლოეს ხანებში ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას აპირებს, რომლის მიზანი ხალხისათვის აქტუალური პოლიტიკური ვითარების ანალიზში დახმარება იქნება. ბიზნესმენის აზრით, დამოუკიდებლობის 20 წელი საკმარისია, რომ საზოგადოება პოლიტიკაში გაერკვეს.

ივანიშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში გაუმჯობესდა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა, თუმცა, მისივე თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.

„ჩვენ ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილს გამოვთქვამთ, თუმცა ის, რაც მოცემულ მომენტში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვარზე ხდება, კითხვებს წარმოშობს“, - განაცხადა ივანიშვილმა რუსეთის მიერ მავთულხლართების გავლების პროცესთან დაკავშირებით. ამგვარ ნაბიჯებს იგი ევროკავშირთან თბილისის დაახლოების სურვილს უკავშირებს.

„ის, რაც საზღვარზე ხდება, უკვე ზეწოლაა, თუმცა, ჩვენი შეჩერების უფლებას არ მივცემთ. რუსეთს ფორმალურად არასდროს უთქვამს, რომ ევროკავშირის წინააღმდეგია, თუმცა, მისი ქმედებები აშკარად ამაზე მეტყველებს. არ მესმის, რატომ არის რუსეთი ევროპის წინააღმდეგი, ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოება ჩვენი სტრატეგიაა და მის შეცვლას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა ინტერვიუში.