პუბლიკაციები
რა შემთხვევაში არ დაჯარიმდება ნასვამი მძღოლი

analitika-2-martvaსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების შემცირება უახლოეს მომავალში მოხდება. პარლამენტმა შსს-ს კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე განიხილა. რაც შეეხება კიდევ ერთ კანონპროექტს, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნება - ეროვნულმა ფორუმმა" მოამზადა და სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში დაწესებული საურავების განახევრებაა, მისი განხილვა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდება.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების 2 პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ერთ-ერთის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, მეორე პროექტი კი ფრაქციამ "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი" მოამზადა (ავტორი დეპუტატი თემურ მაისურაძე).

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტში, როგორც მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აცხადებს, აღარ იქნება ტერმინი - "მართვის უფლების ჩამორთმევა" და იქნება "მართვის უფლების შეჩერება". ამასთან, მძღოლს მართვის მოწმობის ხელახლა მოსაპოვებლად ტესტირების თავიდან ჩაბარება აღარ მოუწევს და სანქციის ვადის გასვლისთანავე მართვის უფლებას ავტომატურად მიიღებს. გარდა ამისა, მართვის უფლების შეჩერებისთვის გათვალისწინებული ვადები განახევრდება.

მართვის უფლების შეჩერების სანქციას, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვის შემთხვევაში, ჯარიმის ნაცვლად გამოიყენებენ. ამჟამად თუკი მძღოლი ავტომანქანას ნასვამი მართავს, ის 200 ლარით ჯარიმდება. ცვლილების მიღების შემთხვევაში კი ნასვამ მძღოლს მართვის უფლებას 6 თვით შეუჩერებენ.

ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი შემთხვევისას სანქციები მკაცრდება: ნასვამი მძღოლი 700 ლარით დაჯარიმდება და მას მართვის უფლების ჩამორთმევის ვადა ერთი წლით გაუგრძელდება. მესამე შემთხვევის გამოვლენისას ჯარიმა 1000 ლარი, ხოლო მართვის უფლების შეჩერების ვადა 2 წელი იქნება.

ნასვამ მძღოლს სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში არ შეეხება, თუ მას გადაჰყავს პირი, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება.

საგზაო წესებს ეხება კანონპროექტით გათვალისწინებული კიდევ ერთი საკითხი. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის დაწესებული ჯარიმა 100-დან 50 ლარამდე მცირდება. ერთი წლის განმავლობაში გამოვლენილი განმეორებითი შემთხვევისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა, რომელიც 200 ლარს შეადგენს, ასევე განახევრდება.

რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, როგორც მისი ინიციატორი აცხადებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ჯარიმების გადაუხდელობის გამო დაკისრებული საურავების განახევრებაზე. დეპუტატ თემურ მაისურაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივის თანახმად, მცირდება როგორც საგზაო წესების დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმების ოდენობა, ასევე ამ ჯარიმის დროულად გადაუხდელობის გამო გათვალისწინებული სანქციები. მისი გადახდის ვადა კი ერთიდან სამ თვემდე იზრდება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მძღოლი 40 ლარის ნაცვლად, 20 ლარით დაჯარიმდება; მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გადაადგილებისას დადგენილი წესების დარღვევა 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 10 ლარით განისაზღვრება. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება 50 ლარის ნაცვლად, 20 ლარიან სანქციას ითვალისწინებს.

საჯარიმო სანქციები მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბებისა და შუქნიშნის ამკრძალავ ნიშნებზე გავლის წესის დარღვევის შემთხვევებზეც მცირდება. სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მძღოლის 100 ლარის ოდენობით დაჯარიმების ნაცვლად, მის 75 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ისეთ შემთხვევებში, როცა სიჩქარის გადაჭარბებას შედეგად საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება მოჰყვება, მძღოლი 250 ლარის ნაცვლად, 150 ლარით დჯარიმდება.

მცირდება გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან მანევრირების წესების დარღვევისთვის განსაზღვრული სანქცია და ასეთი ქმედება 20 ლარით დაჯარიმდება, ნაცვლად 50 ლარისა. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის დაბრკოლების შექმნა მძღოლის 50 ლარის ნაცვლად, 30 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

გარდა ამისა, ნახევრდება ჯარიმა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთაზეც და ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდება. ასევე ნახევრდება ჯარიმა წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევებში და მისი ოდენობა 200 ლარიდან 100 ლარამდე მცირდება.

ამ დროისთვის პარლამენტმა შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე განიხილა. როგორც თემურ მაისურაძე აცხადებს, ახლა მიმდინარეობს დამატებითი განხილვა და უახლოეს მომავალში პროექტი მოსმენაზე კიდევ ერთხელ გავა.

"რაც შეეხება ჩვენს პროექტს, რომელიც საგზაო ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში დაკისრებული საურავების განახევრებას და აღსრულების ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებს, ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ნამდვილად ვერ მოესწრება", - დასძინა მაისურაძემ.

ე.წიკლაური,

გაზეთი „ილორი“ №240