პუბლიკაციები
პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

an-pol-3-konstituciaსაქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი მნიშვნელოვნად შეზღუდული უფლებამოსილებით ისარგებლებს. მას შეუნარჩუნდება ქვეყნის მეთაურის და უმაღლესი მთავარსარდლის წოდება, თუმცა ის ვერ შეძლებს მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლებას. მთავრობის წევრების თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლება პრემიერს გადაეცემა. პირველი პირი კვლავ იქნება საგარეო ურთიერთობათა უმაღლესი წარმომადგენელი. მის უფლებამოსილებაში რჩება მსჯავრდებულის შეწყალება, ჯილდოების და წოდებების მინიჭება, მოქალაქეობის მინიჭება, კანონების ხელმოწერა და გამოქვეყნება და პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა. პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის გარეშე პრეზიდენტი ვეღარ გააუქმებს ან გააგრძელებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყანაში, ვერ დანიშნავს არჩევნებს, ვერ დადებს გარკვეული ტიპის ხელშეკრულებებს.

მომავალმა პრეზიდენტმა მთავრობასთან უნდა შეათანხმოს გენშტაბის ხელმძღვანელის და სხვა სამხედრო მეთაურების დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი. ასევე მთავრობასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრების წარდგენა პარლამენტისთვის და აჭარის ხელმძღვანელის წარდგენა უმაღლესი საბჭოსთვის. მთავრობის თანხმობა იქნება საჭირო ელჩების დამტკიცების და  გათავისუფლების შეთხვევაში.

უფლებები, რომლებიც პრეზიდენტს სრულად გაუუქმდა – ესაა პარტიული თანამდებობის დატოვების უფლება,  საკუთარი ინიციატივით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ან სესიის მოწვევა, აღმასრულებელი ხელისუფლების სამართლებრივი აქტების გაუქმება ან შეჩერება და პარლამენტში კანონპროექტების რიგგარეშედ განხილვის მოთხოვნის უფლება.

პირველი პირი ასევე ვეღარ მიმართავს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივებით.

2010 წლის ოქტომბერში მიღებული კონსტიტუციური ნორმების თანახმად,  საქართველოს ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას მოიხსნის. ინაუგურაციის შემდეგ საქართველო შერეული მმართველობის მოდელზე გადავა. ამოქმედდება შერეული მმართველობის ფორმა, რომელსაც ნახევრად საპრეზიდენტო და ნახევრად საპარლამენტო მოდელსაც უწოდებენ. ახალი პრეზიდენტის მიერ პოსტის დაკავებას მთავრობის ხელახალი ფორმირება მოჰყვება, რა დროსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი. წარდგენა მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან შვიდი დღის ვადაში უნდა მოხდეს, პრეზიდენტი ვალდებული იქნება, პრემიერ-მინისტრის პოსტზე სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატი დანიშნოს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და ნდობის მისაღებად, სამთავრობო პროგრამასთან ერთად, პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტიც შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

ახალი კონსტიტუციით იზრდება მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის ძალაუფლება. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი მთავრობა ხდება და ამ თვალსაზრისით ის მხოლოდ პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. მთავრობის საქმიანობას მთლიანად პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს, პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე მთავრობის წევრების მოხსნა-დანიშვნისათვის პრეზიდენტის თანხმობა აღარ დასჭირდება.