სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და სამართალდარღვევებისგან

samart-1-mowodebaსაქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს შსს კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მზადყოფნას იმისათვის, რომ უზრუნველყოს მშვიდი ვითარება და აღმოფხვრას ყოველგვარი ექსცესები არჩევნების მიმდინარეობისას. მთელი ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მიერ მიღებულია უსაფრთხოების ზომები.

არჩევნების დღესთან დაკავშირებით შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ინიციატივით შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელიც კოორდინაციაში იქნება ცესკო–სთან და უზრუნველყოფს მართლწესრიგს არჩევნების დღეს.

ყველა რეგიონულ დანაყოფში შემუშავებულია კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმა, რომლის მიხედვითაც არჩევნების დღეს პოლიცია იმოქმედებს კანონთან სრულ შესაბამისობაში. პოლიცია იქნება ურთიერთკოორდინაციაში საარჩევნო შტაბთან.

პოლიციის დანაყოფები არ განლაგდებიან საარჩევნო უბნებში ან საარჩევნო უბნებთან ახლოს. სამართალდამცველები გამოცხადდებიან საარჩევნო უბანში მხოლოდ უბნის თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას კანონდარღვევის შემთხვევაში.

ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და სამართალდარღვევებისგან. პოლიცია ნებისმიერ მსგავსს ფაქტზე მყისიერ რეაგირებას მოახდენს და კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს მიიღებს.