საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, რომლის შედეგად არჩეული იქნება რიგით მე–4 პრეზიდენტი (სსრკ–ის შემადგენლობიდან გასვლის და 1991 წელს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ აქტის მიღების შემდეგ).
მიხეილ სალუაშვილი - №16, ნესტან კირთაძე - №12, შალვა ნათელაშვილი - №9, მამუკა ჭოხონელიძე - №18, გიორგი თარგამაძე - №10, სერგო ჯავახიძე - №3, გიორგი ლილუაშვილი - №2, ლევან ჩაჩუა - №11, ავთანდილ მარგიანი - №19, მამუკა მელიქიშვილი - №21, ნუგზარ ავალიანი - №20, თეიმურაზ ბობოხიძე - №8, თამაზ ბიბილური - №1, დავით ბაქრაძე - №5, გიორგი მარგველაშვილი - №41, კობა დავითაშვილი - №4, აკაკი ასათიანი - №6, ნინო ბურჯანაძე - №14, ნინო ჭანიშვილი - №7, ზურაბ ხარატიშვილი - №15, ქართლოს ღარიბაშვილი - №17, თეიმურაზ მჟავია - №22,
გიორგი ჩიხლაძე - №13.
კენჭისყრისთვის განკუთვნილია 12 საათი – 20:00–ზე საარჩევნო უბნები დაიხურება. გამარჯვებისთვის კანდიდატს სჭირდება ამომრჩეველთა ხმების 50% + 1 ხმა, სხვა შემთხვევაში მეორე ტური გაიმართება.
სულ საქართველოში, ასევე საზღვარგარეთის 39 სახელმწიფოში, სადაც ქართული დიპლომატიური მისიები არსებობს, გახსნილია 3741 საარჩევნო უბანი. საქართველოს ცესკო–ს მონაცემებით, სულ არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს 3 მილიონ 537 ათას 719 ამომრჩეველი, აქედან 48 458 – საზღვარგარეთ.
(მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი ქართული დიასპორა – რუსეთშია, რომლის რიცხოვნობა ოფიციალური მონაცემებით 250 ათასს აღემატება, ხოლო არაოფიციალურით, რაც გამომუშავებაზე ჩასულ უკანონო მიგრანტებსაც ითვალისწინებს, 1 მილიონს აღემატება, რუსეთში არ გაიხსნება არცერთი საარჩევნო უბანი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის – შესაბამისად, რუსეთში საქართველოს დიპწარმომადგენლობის (საელჩოს) არარსებობის მიზეზით).
არჩევნებს აკვირდება 20 ათასზე მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან, პოლიტიკური პარტიების და პრეზიდენტობის კანდიდატების 47 ათასი წარმომადგენელი, 1300–ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი – 65 ორგანიზაციიდან და 31 სახელმწიფოდან, აგრეთვე მასმედიის 1400–ზე მეტი წარმომადგენელი (თბილისის რამდენიმე ცენტრალურ რაიონში და საქართველოს რეგიონებში საქინფორმის წარმომადგენლები მუშაობენ).