პუბლიკაციები
საქართველოს მთავრობა მიესალმება ევროპის პარლამენტის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირების მხარდაჭერის რეზოლუციას

analit-2-geoსაქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა მიესალმა ევროპის პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც ხაზგასმულია ევროკავშირის ვალდებულებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ და საქართველოს სწრაფვა ევროპული ინტეგრაციისაკენ.

რეზოლუცია, რომელიც მიღებულია ნოემბრის ბოლოს ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამიტამდე, "აღიარებს იმ წინსვლას, რომელსაც (საქართველომ) მიაღწია ქვეყნის მოდერნიზაციისა და ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით", და აცხადებს, რომ ევროპის პარლამენტი "მხარს უჭერს ასოცირების შეთანხმების პარაფირებას" სამიტზე.

"ჩვენ გულითადად მივესალმებით ევროპის პარლამენტის მიერ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების პროცესის მხარდაჭერას," განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა თამარ ჩუგოშვილმა. "გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და ასოცირების შეთანხმება საკვანძო როლს შეასრულებს რეფორმების დაჩქარებისა და გაღრმავების საქმეში. ჩვენ ასევე მივესალმებით მიღებულ რეკომენდაციებსა და პარლამენტის ზედამხედველობას ხსენებული პროცესების მსვლელობის მთელს გზაზე."

რეზოლუცია მიღებულ იქნა საქართველოში 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. მთავრობამ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში განახორციელა მთელი რიგი ფართო სპექტრის ღონისძიებები „სამაგალითო, სუფთა, თავისუფალი და სამართლიანი" არჩევნების უზრუნველსაყოფად, "როგორც ეს ევროპისკენ მიმავალ ქვეყნას შეეფერება". ამგვარი განცხადებების გამოძახილია ევროპარლამენტის წევრთა გამონათქვამებიც იმის შესახებ, რომ არჩევნები "იქნება საქართველოს დემოკრატიული სტანდარტებისა და კანონის უზენაესობისათვის მზაობის ლაკმუსუს ტესტი, ოპოზიციისათვის არჩევნებში მონაწილეობის სრული თავისუფლების მინიჭებითა და საარჩევნო კამპანიის გაშუქებით თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის მიერ, ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი ჩარევის გარეშე."

საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, პარლამენტი „მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას რუსეთთან დაძაბულობის შესუსტების მიმართულებით და, იმავდროულად, ქვეყნის პროევროპული ორიენტაციის შენაჩუნებას". მან ასევე დაადასტურა "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა." საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ განლაგებული რუსეთის სამხედრო ნაწილების შემოჭრამ საყოველთაო საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია.

მხედველობაში იღებს რა რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე ზეწოლის გაძლიერებას ევროკავშირთან სიღრმისეული კავშირების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რეზოლუციაში ხაზგასმულია," რომ საქართველომ არ უნდა შეიკავოს თავი ევროპისაკენ სწრაფვის გზაზე და უნდა შეეწინააღმდეგოს რუსეთის ზეწოლას ევროკავშირთან ასოცირებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით."

თბილისი, საქართველო, 23 ოქტომბერი 2013 წელი