საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი.
ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გულბაათ რცხილაძის განცხადება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება დიდია არა მარტო სააკაშვილის რეჟიმის დასრულებაში (მავანთა უსაგნო წუწუნს - „ნაცების“ რეჟიმი არ დასრულებულა, რატომ ყველას არ იჭერენო - უპასუხოდ დავტოვებ, მარტო ერთს ვიტყვი, ვანო მერაბიშვილის გარანტირებული პრეზიდენტობა რომ ავიცილეთ თავიდან, ბატონი ბიძინას საშუალებით, უკვე დიდი სიკეთეა). ბატონი ბიძინას დამსახურება ასევე დიდია რუსეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკურ დაახლოებაზე საუბრის დეკრიმინალიზაციაში. სააკაშვილის განუკითხავი პარპაშის დროს მისი უწმინდესობის, ილია მეორის წინააღმდეგ სამარცხვინო სალანძღავი კამპანია სწორედ პატრიარქის მხრიდან რუსეთთან მეგობრული ურთიერთობისთვის გადადგმული ნაბიჯებით იყო გამოწვეული. ბუნებრივია, როდესაც რეჟიმის მსახურნი პატრიარქის ლანძღვას არ ერიდებოდნენ, უბრალო მოკვდავისათვის ბევრად უფრო საშიში იყო რეჟიმის რისხვა. რუსეთთან არა თუ დაახლოება, არამედ ელემენტარულად რუს ხალხთან მეგობრობაზე კრინტის დაძვრაც კი „სამშობლოს ღალატად“ ითვლებოდა. ეს ყოველივე აგვისტოს ომის შემდეგ ბევრად უფრო გამძაფრდა.
ამიტომ, პოლიტოლოგიის სფეროში მომუშავე ის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ვბედავდით რუსეთის ფაქტორზე მსჯელობას, კრიმინალიზირებულნი ვიყავით და, სულ ცოტა, მარგინალების პოზიციაში ვიმყოფებოდით - მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ჩვენი თანამემამულე ჩურჩულით გამოხატავდა თავის მხარდაჭერას ჩვენი პოზიციის მიმართ. რუსეთის თემაზე სააკაშვილის მიერ დაწესებული ტაბუ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ინერციით გაგრძელდა, რაშიც დიდ როლს მასმედია ასრულებდა. ისევ ბიძინა ივანიშვილმა დაარღვია არსებული ტაბუ და თეორიულად საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება არ გამორიცხა. ეს უდიდეს მოვლენად მიმაჩნია ქართულ პოლიტიკაში, რადგან ბოლო 20-23 წლის მანძილზე რუსეთთან რაიმე სერიოზულ ინტეგრაციულ პროექტში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე საუბარი ისევ და ისევ „სამშობლოს მოღალატეობას“ უტოლდებოდა. ევრაზიის კავშირი კი არა, გავიხსენოთ, ყოვლად უსახურ და ამორფულ დსთ-ში საქართველოს შესვლა-არშესვლაზე რამდენი ემოცია ამოიფრქვა. ასე რომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან პოლიტიკური დაახლოების თემა მარგინალობის მდგომარეობიდან დაიხსნა. რა თქმა უნდა, პრემიერი აცნობიერებს, რომ ხალხის ფართო ფენები მისგან სწორედ რუსეთთან სრულმასშტაბიან დარეგულირებას ელოდებიან, რაც საქართველოს ეკონომიკური წინსვლისა და პოლიტიკური სტაბილიზაციის საწინდარი გახდება.
მაგრამ არ ჩერდება დასავლურ გრანტებზე გამოზრდილი მასმედია და არასამთავრობო სექტორი. ისინი დგანან პრემიერ-მინისტრსა და ხალხს შორის. ქართველი ხალხის უდიდეს ნაწილს (ამას ყველა გამოკითხვა მოწმობს) რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება მიაჩნია ქვეყნის პრიორიტეტად, ამას ანგარიშს უწევს და საამისოდ შინაგანადაც განწყობილია პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ხალხსა და პრემიერს კომუნიკაციაში ხელს უშლიან სწორედ ხსენებული მასმედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამას დავუმატოთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სიჭრელე, დასავლური ლობის სიძლიერე ამ ორგანიზაციაში და იოლად გავაცნობიერებთ, რა სირთულის წინაშე დგას პრემიერ-მინისტრი.
მიუხედავად ამ სირთულისა, მიმაჩნია, რომ გარკვეულ ეტაპზე, და ეს ეტაპი, ჩემი აზრით, უკვე დადგა, პრემიერმა კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს თავისი გონივრული კურსი რუსეთის მიმართ და ხალხის ნება განახორციელოს. ეს ჩემი ახირება არ არის. კარგად უნდა გავიგოთ ყველამ, რომ ქართული ეკონომიკა რუსეთზეა დამოკიდებული, ევროკავშირი კარგა ხანს ვერ გვიშველის. რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისათვის ნაწილობრივ უკვე გაიხსნა, ეს ძალზე სასიხარულო ფაქტია. მე, როგორც რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე მომუშავე სპეციალისტი, მოვლენების განვითარებას ამ მიმართულებით ყურადღებიდ ვაკვირდები. ამიტომ სიკეთესთან ერთად ვხედავ ხარვეზებსა და რისკებს, რომლებიც ამ დადებით პროცესს თან ახლავს. კერძოდ:
- ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია სხვა კავკასიურ რესპუბლიკების ანალოგიურ პროდუქციასთან შედარებით ნაკლებ კონკურენტუნარიანია, ფასებიდან გამომდინარე. საქართველო-რუსეთს შორის პოლიტიკური დაურეგულირებლობის პირობებში საბაჟო გადასახადები ჩვენს პროდუქტებზე უფრო მაღალია. მაგალითად, რუსული ბაზარი სავსეა აფხაზური ციტრუსებით. წელს ქართული ციტრუსები ვერ გაუწევს კონკურენციას აფხაზურს, რადგან აფხაზებს საბაჟო გადასახადის გარეშე შეაქვთ თავიანთი პროდუქტები, რუსეთის კეთილი პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე. ამიტომ აფხაზური ციტრუსები უფრო იაფია, ხარისხით კი ქართულს არ ჩამოუვარდება;
- პოლიტიკური დაურეგულირებლობის პირობებში რუსი ბიზნესმენები გაურბიან ქართულ კომპანიებთან უშუალო ურთიერთობებს და მათთან ხელშეკრულების გაფორმებას. მათ პოლიტიკური რისკები აშინებთ, რომლებიც რეალურია მაშინ, როდესაც ორ ქვეყანას არ აქვს ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები;
- სავიზო რეჟიმის სიმკაცრე რუსეთის მხრიდან ხელს უშლის ბიზნეს-კონტაქტების გაღრმავებას, რაც ისევ და ისევ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობით არის განპირობებული. ჩემთან ბევრი ბიზნესმენი მოდის თხოვნით, როგორმე დავეხმარო რუსული ვიზის გაფორმებაში. ბატონმა პრემიერმა უნდა იცოდეს, რომ ახლახანს ტელევიზიით გაპიარებული ქართული სატრანსპორტო კომპანიის მიერ რუსეთში მარშრუტის აღდგენა თავისით არ მომხდარა. იყო კარასინ-აბაშიძის პრინციპული შეთანხმება, მაგრამ პრაქტიკაში ქართველი მძღოლები ვიზების გარეშე დარჩნენ. რეალური დახმარების აღმოჩენა მათთვის სწორედ ევრაზიის ინსტიტუტმა მოახერხა, და მძღოლები რუსეთში შევიდნენ, მაგრამ ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება - საჭიროა სახელმწიფოებრივი დარეგულირება, დიპლომატიური ურთიერთობების დონეზე.
ამიტომ აუცილებელია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ზედმეტი ლაპარაკის გარეშე და სასურველია, დავიწყოთ კვალიფიციური მსჯელობა, საბაჟო კავშირთან დაახლოების თაობაზე. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რაც უწინაც გამიკეთებია პრესით და ტელევიზიით: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან არნიშნავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას! საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე ბატონ ზურაბ აბაშიძეს, კიდევ ერთხელ შევახსენებ სერბეთის პრეცენდენტს - კოსოვო აღიარა დასავლეთის დიდმა ნაწილმა, მაგრამ სერბეთს არც ერთ დასავლურ სახელმწიფოსთან (და თუნდაც არადასავლურთან) დიპლომატიური ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ბელგრადში ყველა უცხოური საელჩო ფუნქციონირებს, ისევე, როგორც პრიშტინაში. ჩვენ რომ ვიძახოთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამი საელჩოს არსებობა დაუშვებელიაო, განა ამ ძახილით ორი უკვე არსებული საელჩო დაიხურება?! იქნებ სჯობს, რომ მესამე საელჩო თბილისში იყოს, რათა მეტი გავლენა ვიქონიოთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე?!
საბედნიეროდ, ეს ანბანური ჭეშმარიტებები ჩვენი ხალხის დიდ ნაწილს უკვე კარგად აქვს გაცნობიერებული. ხალხს უნდა ნორმალური ცხოვრება და კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან. საქართველოს ერთიანობა ამით არ ილახება, პირიქით, პერსპექტივაში მხოლოდ დადებითი ტენდენციები თუ გაჩნდება. საქართველოს რუსეთთან დაახლოებისა ეშინიათ სეპარატისტებს და კიდევ ვიღაც-ვიღაცებს დასავლეთში, ამიტომ მეტი ენერგიით უნდა გავაუმჯობესოთ რუსეთთან მეზობლობა. დღეს რომ საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმეს გადაელახა მასმედია-არასამთავრობოების კომპლექსი და პირდაპირ გამოეცხადებინა, რომ:
1) მხარს უჭერს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას;
2) საბაჟო კავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას,
მას რეიტინგი თუ არ გაუორმაგდებოდა, სერიოზულად მაინც გაეზრდებოდა. საინტერესოა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომლის მთავარი პოლიტიკური კაპიტალი პრეზიდენტ პუტინის მხრიდან კეთილი განწყობის გამოხატულებაა, ვერ ბედავს ამ ლოგიკური ნაბიჯის გადადგმას და გასაკეთებელს ისევ ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, თუნდაც ეს კურსი მისი მხრიდან ჯერ-ჯერობით არასაკმარისად მყარი და ეფექტურია.
პირადად მე, როგორც საზოგადოების რიგითი წევრი და პოლიტოლოგი, ჩემს მიერ წარმოდგენილი ევრაზიის ინსტიტუტის სახელით ვთავაზობ ყველა საღად მოაზროვნე პიროვნებას, ასევე პროფილით მომუშავე ორგანიზაციებს, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და შემდეგ უკვე დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება ზემოთ აღნიშნული წინადადებების რეალიზების მოთხოვნით, ამით ჩვენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ დავეხმარებით, უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეს ხალხთან და მას ხელი არ შეუშალონ შუალედურმა რგოლებმა.