პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: „მე კი არ ვერიდები ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას, მე მას არ ვაკრიტიკებ აბსოლუტურად შეგნებულად, იმიტომ რომ მე ვარ ქვეყნის პატრიოტი, ერთგული ადამიანი და ზოგადად მადლიერი ადამიანი!“

1-pol-1-nino-burjსაქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე საქართველოს რეგიონების მეორედ შემოვლას განაგრძობს. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ხობის მოსახლეობას შეხვდა, სადაც მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის ძალიან მოხარულია სამეგრელოში დაფიქსირებული უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერით მის მიმართ.

ნინო ბურჯანაძემ კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზეც, რომ თითქოს ბურჯანაძე ერიდება ბატონი ბიძინას კრიტიკას:

„მე კი არ ვერიდები ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას, მე მას არ ვაკრიტიკებ აბსოლუტურად შეგნებულად, იმიტომ რომ მე ვარ ქვეყნის პატრიოტი, ერთგული ადამიანი და ზოგადად მადლიერი ადამიანი. მე მას ვუფასებ იმას, რაც მას გაუკეთებია საქართველოსთვის პოლიტიკაში მოსვლამდეც, ვუფასებ, რაც გააკეთა პირველ ოქტომბერს. თუმცა, ეტყობა, არ აქვს ბატონ ბიძინას სწორი ინფორმაცია, იმიტომ რომ ძალიან კორექტულად, მაგრამ მე ყველაფერს ვამბობ, რაც არ მომწონს, პირველ რიგში, თავად ბატონი ბიძინას გასაგონად, რომ მან ეს, როგორც გონიერმა ადამიანმა, როგორც მინიმუმ,აანალიზოს.

მე არ მომწონს ის, რომ ბიძინა ივანიშვილი კოჰაბიტაციას გარკვეულწილად არ ეწინააღმდეგება, მე არ მომწონს ის, როდესაც ამბობს, რომ არ უნდა პრეზიდენტის დაჭერა. არავის დაჭერა არ გვინდა, მაგრამ ვინც დასაჭერია, უნდა დავიჭიროთ. მე არ მომწონს, როდესაც ბატონ მარგველაშვილს, მართლა კარგ ბიჭს, პატარა ბავშვივით ხელით დაატარებს და აკეთებს განცხადებას, რომ 60%  აუცილებლად იქნება პირველ ტურში. როგორც ჩანს, ბატონი ბიძინა არ აკეთებს იმის ანალიზს, რომ ეს აღიქმება პირდაპირ დავალებად.

ასე რომ, მე, როგორც გულშემატკივარი ადამიანი, თუ რამე არ მომწონს, ამას ვამბობ, მაგრამ მის კრიტიკას და ლანძღვა–გინებას  ნამდვილად არ ვაპირებ, ზოგადად ეს ჩემი სტილი არ არის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კი არ ვერიდები მის გაკრიტიკებას, არამედ არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ, ვამბობ იმას, რაც მომწონს ან არ მომწონს“.