პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: „თქვენ გეყოლებათ პრეზიდენტი, რომელიც იქნება მთავრობის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის პარტნიორი!"

1-polit-3-margvaსაქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისის და ზესტაფონის მოსახლეობას შეხვდა. ქუთაისში შემაჯამებელ შეხვედრაზე პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშილმა წარუდგინა.

 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილმა მინისტრობის პერიოდში მოახერხა მცირე ბიუჯეტით 800-ზე მეტი სკოლის რემონტის დაწყება, უფასო სახელმძღვანელოების  და 17 უფასო ფაკულტეტის უზრუნველყოფა.

მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დღეს საჭიროა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია. „კონსოლიდაციისათვის ჩვენ გვყავს პარლამენტი, რომელშიც გვაქვს უმრავლესობა, გვყავს მთავრობა, რომელსაც მართავენ ძალიან კარგი მინისტრები და ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი, და თქვენ  გეყოლებათ პრეზიდენტი, რომელიც იქნება მთავრობის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის პარტნიორი. აი ამისათვის ჩვენ გვჭირდება, რომ გაძლიერდეს და გამთლიანდეს ქართული ხელისუფლება“.

ზესტაფონში გამართულ შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას რეჟისორმა რეზო ჩხეიძემაც მიმართა და მათ არჩევნებზე მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ზესტაფონში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა, ზვიად ძიძიგურთან და დავით უსუფაშვილთან ერთად, მერაბ კოსტავას ტრაგიკულად დაღუპვის 24 წლისთავთან დაკავშირებით ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითში ეროვნული გმირის  მემორიალი მოინახულა და  მის ხსოვნას პატივი მიაგო.