აქტუალური
საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისიამ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულ და ქონებაჩამორთმეულ პირთა საქმეები განიხილა

1-akt-sakrebulosსაქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომაზე განიხილეს 2012 წლის 1 ოქტომბრამდე პოლიტიკური მოტივით ან უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმეები და მოქალაქეებისთვის საპროცესო გარიგებების/ჩუქების გზით ჩამორთმეული უძრავ-მოძრავი ქონების საკითხი.

სხდომის დღის წესრიგში რამდენიმე კონკრეტული პირის საქმე იყო გამოტანილი, ესენი არიან: გიორგი გიგანი, ჯემალ წიკლაური, ზურაბ ბაკურაძე, ლევან კანთელაძე, ნორა კვიციანი, ტრისტან წითელაშვილი, თორნიკე მოლაშვილი და სხვ.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, კახა კუკავამ განაცხადა, საზოგადოება ოფიციალური პირების მხრიდან ხშირად ისმენს, რომ რეპრესირებულთა და ქონებაჩამორთმეულ პირთა საქმეების გადახედვას ხელს უშლის გარკვეული სამართლებრივი თუ ფინანსური მიზეზები. კახა კუკავას თქმით, მათი კომისია ამ შეხედულებას არ ეთანხმება.

გარდა ამისა, ლაპარაკი იყო უკანონოდ ქონების ჩამორთმევის ფაქტებზე. როგორც კახა კუკავამ აღნიშნა, 1000-ზე მეტი მეწარმის საქმე არის განსახილველი.

მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივებს შეიმუშავებს.