საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. პრობლემებს, რომელთა გამოც საქართველო ვერა და ვერ შედგა სახელმწიფოდ, უამრავი მიზეზი შეიძლება მოეძებნოს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების მოკლე მეხსიერება. ჩვენ მალე გვავიწყდება პოლიტიკოსების თუ პარტიების «საქმენი საგმირონი» და საარჩევნო ყუთთან ხშირად ისე მივდივართ, არჩევანს ისე ვაკეთებთ, რომ მათი წარსული, არცთუ შორეული, სათვალავში არ გვაქვს.
მაგალითების მოყვანა უხვად შეიძლება, თუმცა ამჯერად თქვენს ყურადღებას ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევაზე შევაჩერებთ. «ქართული ოცნების» საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი არ მალავს და საჯაროდ აცხადებს, რომ მისი მეგობრები არიან ნიკოლოზ რურუა, ლევან რამიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიგა ბოკერია... თუ ადამიანთან მეგობრობ, ამის დამალვა, თუნდაც პოლიტიკური კონიუქტურის გამო, არ არის გამართლებული და მარგველაშვილის გულწრფელობა მისასალმებელია, თუმცა, თუ პრეზიდენტობის კანდიდატს ეს არ ახსოვს, საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს, ვინ იყვნენ და რას სჩადიოდნენ მისი მეგობრები, დაწყებული გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით და მხედრიონის პარპაშით, საიდანაც იღებს სათავეს მარგველაშვილის მეგობარი რურუას კარიერა; მისი სამეგობრო წრე იდგა ავანგარდში იმ პროცესებისა, რომელთაც ყოველივე ქართულთან ბრძოლა, ტრადიციების გაქილიკება, უფროსი თაობის ჩარეცხვა, განათლების მეცნიერების დაკნინება მოჰყვა, რათა საზოგადოებისთვის თავს მოეხვიათ ლიბერალიზმით შენიღბული უზნეობა, ხელი შეეწყოთ მონური მორჩილებისთვის, ამოეძირკვათ მართლმადიდებლური კულტურის კვალიც კი ქართული ცნობიერებიდან. ამ საქმის დიდოსტატი, უფრო სწორად, დიდი მაგისტრი გახლდათ მარგველაშვილის მეგობარი, თავისუფლების ინსტიტუტის თავკაცი ლევან რამიშვილი, ასევე მარგველაშვილის მეგობარი _ ბოკერია და დედაქალაქის ყოფილი მერი _ ჭიაბერაშვილი. ისინი იყვნენ პირველი კოჰორტა, რომელსაც უხვად აფინანსებდნენ გრანტებით და ვინც აქტიურად ეწეოდა დამღუპველი იდეების გავრცობა-განვითარებას, აკნინებდა ეროვნულ სულისკვეთებას, ებრძოდა ტრადიციებს, გაანადგურა განათლება, მოსპო სამეცნიერო სკოლები. ეს ადამიანები, გიორგი მარგველაშვილის მეგობრები, 2003 წელს საბოლოოდ მოვიდნენ ხელისუფლებაში და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანეს ის რენეგატული საქმიანობა, რომელსაც მანამდე გრანტების ხათრით ეწეოდნენ.ვფიქრობთ, ღირს, გავიხსენოთ, რისთვის, რა საქმიანობისთვის იღებდნენ კანდიდატ მარგველაშვილის მეგობრები გრანტებს სოროსისა და სხვა ფონდებიდან.
ვფიქრობთ, ღირს, გავიხსენოთ, რა შემართებითა და სისასტიკით ნერგავდნენ ისინი ამ ყველაფერს ხელისუფლებაში ყოფნისას და როგორ ცდილობდნენ აუცილებელი წესით, უკომპრომისოდ, ნებისმიერი მსხვერპლის ფასად ეკეთებინათ ანტიქართული შეკვეთა.
«მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი, და გეტყვი, ვინ ხარ შენ» _ ეს შეგონება აუცილებლად უნდა გვახსოვდეს საარჩევნო ყუთთან მისულებს. ხოლო მეხსიერების გასავარჯიშებლად გთავაზობთ პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიას წერილს, რომელიც 2004 წელს არის გამოქვეყნებული და ნათლად ასახავს მარგველაშვილის მეგობრების რეალურ სახეს, საქმიანობასა და მიზნებს. თავისუფლების ინსტიტუტის თუ სოროსის გრანტიჭამია ანტიქართველების პრობლემა, მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგაც ისეთივე აქტუალური იყო, როგორც დღეს, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, არის. მაშინ ამ საკითხს წავუყრუეთ, იქნებ ახლა მაინც გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები?
საქართველოს ის მოაზროვნე პატრიოტები, რომლებიც წლების განმავლობაში შევარდნაძის ანტიეროვნულ რეჟიმს ებრძოდნენ, ახალი ხელისუფლებისგან სამი სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანის პრინციპულ გადაწყვეტილებას მოელოდნენ: საგარეოპოლიტიკური ურთიერთობების მოგვარებას; ეკონომიკაში მოდერნიზაციული პროექტის შემუშავებასა და რეალიზებას; განათლებისა და მეცნიერების ეროვნული სისტემის აღორძინებასა და ინტენსიურ განვითარებას. ამ ძირითად მიმართულებებში ამოცანათა წარმატებულ გადაწყვეტას შეუძლია შეწყვიტოს ქართული სახელმწიფოებრიობის ნგრევა, ქართველი ერის დაშლა-გაფანტვა, უზრუნველყოს ქვეყნის ტერიტორიული და სულიერი მთლიანობის აღდგენა, ქართველი ერის, როგორც კულტურულ-ისტორიული ფენომენის, შენარჩუნება. სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები აღმოჩნდა ფორმით კიდევ უფრო უნიჭო, ხოლო შინაარსით კიდევ უფრო ანტიქართული, ვიდრე ეს შევარდნაძის მარაზმატული მმართველობის პერიოდში იყო.
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეიქმნა და ფუნქციონირებს ასობით, ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა უმრავლესობა უცხოეთიდან, ძირითადად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფინანსდება. ამ ორგანიზაციების შენახვისთვის ამერიკელები ასობით მილიონ დოლარს ხარჯავენ. ეს ფული საკმარისი იქნებოდა ქვეყნის სოფლის მეურნეობის აღდგენისთვის, ასობით საცხოვრებელი სახლის აშენებისთვის, თანამედროვე სამრეწველო ტექნოლოგიების დანერგვისთვის, მაგრამ ეს უზარმაზარი თანხები გამოყოფილია იმ პროექტების რეალიზაციისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს «ადამიანის რელიგიური მრწამსის თავისუფლების უზრუნველყოფას», «განათლების სისტემის რეფორმირებას დასავლური ლიბერალური ღირებულებების შესაბამისად», «ჩამორჩენილი ეროვნული ტრადიციების დაძლევას, მორალისა და ზნეობის დასავლური ნორმების დანერგვას», «სტუდენტი და მოსწავლე ახალგაზრდობის ლიბერალურ-დემოკრატიული ცნობიერების ფორმირებას», «ოჯახში ურთიერთობათა ახალი ტიპის დანერგვას», «ბავშვთა სექსუალურ აღზრდას» და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც ამ პროგრამების განსახორციელებლად გრანტებს იღებენ, გვარწმუნებენ, რომ ამერიკელი მეგობრები ამ მილიონებს იმიტომ ხარჯავენ, რომ ქართველები დაბადებიდან უყვართ და შეუკავებელი სურვილი აქვთ, ქართველი ახალგაზრდა თაობა ბრწყინვალედ განათლებული, ჯანსაღი, ჭკვიანი და ლამაზი იხილონ. საინტერესოა, რომ ჩვენს საზოგადოებაში მოიძებნებიან იდიოტები (როგორც წესი, შემოქმედებითი ინტელიგენციის წრიდან), რომელთაც ამისი სჯერათ.
რამდენიმე წლის წინათ «ასავალ-დასავალის» ფურცლებზე იყო დისკუსია გლობალიზაციის პრობლემებზე, რომლის მსვლელობისას წარმოდგენილ იქნა უამრავი მასალა, რომელიც მოწმობდა, რომ გლობალისტთა გეგმებში საქართველოსთვის განკუთვნილი როლი არ ითვალისწინებს განათლების, მეცნიერების, ტექნიკის, თანამედროვე სამრეწველო და სოფლის მეურნეობის წარმოების განვითარებას. ქართველები უნდა დაკმაყოფილდნენ სატრანსპორტო დერეფნის მოსამსახურე პერსონალის როლით. გახარებულმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველომ, ბოლოსდაბოლოს, საერთაშორისო ფუნქცია მოიპოვა! ბუნებრივია, ამგვარ «ფუნქციონერებს» განათლება და მეცნიერება არ სჭირდებათ: ნავთობსადენის დაცვა და ავტობუსის მძღოლების მომსახურება უმაღლესი განათლების გარეშეც შეიძლება. ამიტომ შევარდნაძის პერიოდში სრულიად განადგურდა აკადემიური მეცნიერება (სხვათა შორის, მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობის სამარცხვინო დუმილის პირობებში), უმაღლესი სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, დაიწყო სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების დეგრადაციის პროცესი, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი უმაღლესი განათლების, სამეცნიერო ხარისხების ავტორიტეტი. მაგრამ ეს ცოტაა იმისთვის, რომ ერი ახალ «ფუნქციას» შეეგუოს, ანუ უარი თქვას საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებელ მფლობელობაზე და გადაიქცეს ოფიციანტთა, დარაჯთა, მენაგვეთა და მეძავთა უსიტყვო ბრბოდ. აუცილებელია ეროვნული თვითშეგნების სრული მოსპობა! ქართველი ერის ეროვნულ თვითშეგნებას კი განსაზღვრავს განათლება (საბავშვო ბაღი, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი), ტრადიციული აღზრდა (ოჯახი, უფროსი თაობის მაგალითი) და მართლმადიდებლობა. ეროვნული ცნობიერების ამ სამი საფუძვლის განადგურებაზე არის მიმართული უცხოელი «მზრუნველი მეგობრების» მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობის საქმიანობა. ეს პროცესი წარმატებით დაიწყო შევარდნაძის დროს, რომლის ფრთის ქვეშ მრავლდებოდა ამ ორგანიზაციათა ქსელი, ყალიბდებოდა მათი საკადრო შემადგენლობა, ხოლო დღეს ეს კადრები სახელმწიფო სახელისუფლო სტრუქტურებში გადაბარგდნენ და უშუალოდ შეუდგნენ იმ ამოცანის საბოლოო გადაწყვეტას, რომლისთვისაც მათ წლების განმავლობაში აფინანსებდნენ, უცხოეთში დაჰყავდათ სემინარებზე, ტრენინგებსა თუ კონფერენციებზე.
ერთ-ერთი ასეთი «მოღვაწე» გახლავთ ჭიაბერაშვილიც. «რაო-რაო?»-ში გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა გაზეთის ყურადღება, ალბათ, იმიტომ მიიპყრო, რომ მისი ავტორი არის დედაქალაქის მერი, რომლის განკარგულებაში ასობით სასწავლებელია და რომელმაც ამით მრავალი ათასი ბავშვის აზროვნებისა და სულის დამახინჯების უშუალო შესაძლებლობა მოიპოვა. მაგრამ ახალგაზრდა თაობის დენაციონალიზაციის, ინტელექტუალური და ზნეობრივი დეგრადაციის საქმეში ძირითადი როლი განათლების სამინისტროს ეკისრება, რომელსაც ხელმძღვანელობენ სოროსის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან, საზოგადოების განვითარების მსოფლიოში მიღებული ობიექტური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ერთადერთი, რაც საქართველოს ზიმბაბვესგან განასხვავებს, არის მოსახლეობის ძირითადი მასის განათლების მაღალი დონე. ამ სხვაობის ლიკვიდაცია ჩვენი ხელისუფლების მფარველთა მნიშვნელოვანი ამოცანაა. სწორედ ამიტომ მთლიანად შეიცვალა განათლების სამინისტროს საკადრო შემადგენლობა: მცოდნე, გამოცდილი ხელმძღვანელების ადგილები დაიკავეს 21-25 წლის «სოროსელებმა», თანაც ზოგიერთმა მათგანმა უმაღლესი განათლების დიპლომის მიღებაც კი ვერ მოასწრო. როგორც პრესა იტყობინება, უკვე მიმდინარე წელს იწყება «განათლების სისტემის ოპტიმიზაციის პროექტის» რეალიზება, რომლის შესაბამისად, საქართველოს ყველა რაიონში დარჩება მხოლოდ რამდენიმე უფასო სკოლა, დანარჩენი კი დაიხურება ან კომერციული გახდება. იგივე ელის საბავშვო ბაღებსაც, რომელთა 60 პროცენტი დაიხურება. ჩვენმა «რეფორმატორებმა», ალბათ, მიიჩნიეს, რომ მათი წინასაარჩევნო დაპირებები უკვე შესრულებულია და საქართველოს მოსახლეობა იმდენად მდიდარი გახდა, რომ შეუძლია, კომერციულ სკოლებში ბავშვებს განათლება მიაღებინოს. ჭეშმარიტად, ერი მეამბოხე უმეცრების მსხვერპლი გახდა!
ნახეთ, რას და ვის ებრძვის 35 ათასი დოლარის გრანტის საფასურად თბილისის ახლანდელი მერი: «სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ერთ-ერთ გადამწყვეტ დაბრკოლებად წარმოგვიდგება ე.წ. ეროვნული იდეოლოგიის შესახებ გავრცელებული შეხედულება და ტერმინ «ტრადიციის» მცდარი გაგება. ამ თვალსაზრისთა ძირითადი გამავრცელებელი მექანიზმია საშუალო სკოლა, ხოლო მიმწოდებლები _ ისტორიისა და მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები. ამ საგნების სწავლებისას ჯერ კიდევ განსაკუთრებით შეინიშნება ეროვნულ სახელმწიფოზე, პატრიოტიზმზე, საზოგადოების რელიგიურ მოწყობაზე ვადაგასული წარმოდგენების გაბატონება»...
თურმე საქართველოში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მთავარ მტრებს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები წარმოადგენენ, რომლებიც ბავშვებს თავს უჭედავენ ეროვნულ სახელმწიფოზე და პატრიოტიზმზე მავნებლური აზრებით! თურმე ეროვნული იდეოლოგია «ეგრეთ წოდებული» ცნებაა, ხოლო ცნებას «ტრადიცია» ქართველები მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მცდარად აღიქვამენ! სამაგიეროდ, ჭიაბერაშვილმა, რომლის ფიზიონომიაზე ნათლად აისახება მისი ინტელექტის დონე, შესანიშნავად იცის, თუ რა სჭირდება ქართველებს და როგორ, ვისი დახმარებით შეიძლება ქართველებს ამის მიღება აიძულო. აი, რას წერს თავის პროექტზე აზროვნების ეს «გიგანტი»: «...პროექტი თავისი ძირითადი საქმიანობის კონცენტრირებას ახდენს იმ სოციალურ ჯგუფზე, რომლის გავლენა მომავალი თაობის სოციალიზაციაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია: სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური და ისტორიული ფაკულტეტების სტუდენტები, რომელთა შორის ლიბერალურ ღირებულებათა დამკვიდრებას ერთგვარად შეიძლება აბრკოლებდეს ოჯახსა და უმაღლეს სასწავლებელში დამკვიდრებული ატმოსფერო».
ძირგამომთხრელი საქმიანობის ყველა მთავარი მიმართულება მოიცვა ჭიაბერაშვილმა: განათლება, ოჯახური აღზრდა და რელიგია! იცის ბიჭმა, რა არის საჭირო იმისთვის, რომ პატრონებს აამოს და ფული მიიღოს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ჭიაბერაშვილი იმ დროს «სამართლიანი არჩევნების საზოგადოების» ხელმძღვანელი იყო. რა საერთო აქვს ამ თემებს არჩევნებთან? ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელწოდებებს, ლამაზ აბრებს, რომლებსაც არიან ამოფარებულნი, არაფერი აქვს საერთო მათი საქმიანობის ჭეშმარიტ არსთან, ხოლო ეს არსი ქართველი ერის ეროვნული თვითშეგნების განადგურებაა. ახლახან ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა ჯორჯ სოროსის მიმართვა, რომელიც მან «თავისუფლების ინსტიტუტს» და სხვა მისდამი დაქვემდებარებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუგზავნა. მიმართვაში სხვა საზიზღრობებთან ერთად წერია: «იყავით ფხიზლად... ფაშიზმი სწორედ იქ იჩენს თავს, სადაც ჯეროვან შეფასებას ვერ ვაძლევთ ადგილობრივი მოსახლეობის მისწრაფებას _ იყვნენ თავიანთი მიწის ბატონ-პატრონები». მაშასადამე, ქართველები, ჯორჯ სოროსის აზრით, ფაშისტებად გადაიქცევიან, თუ საკუთარი მიწის პატრონად იგრძნობენ თავს! ამ გრძნობის მოსპობა არის განათლების სფეროში რეფორმის ამოცანა. 3-5 წელიწადში საქართველოში აღარ იარსებებს განათლების ეროვნული სისტემა. განათლების დონე, რომელსაც მოსწავლეები მიიღებენ, შეზღუდული იქნება იმ მოცულობით, რომელიც მოსამსახურე პერსონალის ეროვნებაწართმეულ მასას სჭირდება. ამ მასას საკუთარი მიწა-წყლის პატრონის გრძნობა არასოდეს გაუჩნდება. მაგრამ ჭიაბერაშვილებსა და მათ პატრონებს კარგად ესმით, რომ ქართველობის, როგორც ეროვნულ-კულტურული ფენომენის, განადგურებისთვის განათლების სისტემის დაშლა არასაკმარისია. ერის განვითარების ჯაჭვიდან, რომლის რგოლებს თაობები წარმოადგენენ, საჭიროა ერთი რგოლის ამოგდება. მაშინ ეს უკვე აღარ იქნება უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც ერის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს. ერი დაკარგავს მთავარს _ თაობათა მემკვიდრეობითობას, ანუ ერი აღარ იქნება. შევარდნაძის დროს და მისი მფარველობით დაიწყო უფროსი თაობის სოციალური და მორალური დამცირების პროცესი. უფროს თაობას ლაფს ასხამდნენ «კომუნისტური წარსულისთვის», «ცუდი რუსების» მხარეზე «კარგი გერმანელების» წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის, ცხოვრების «არაცივილიზებული» წესისთვის და ა.შ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქართველთა საშუალო თაობას გაუჭირდა საკუთარი მამების ლანძღვა-გინება, მათი უარყოფა, მით უმეტეს, რომ ამ მამებმა შვილების არცთუ ისეთი ცუდი ბავშვობა უზრუნველყვეს, განათლება მიაღებინეს და არც მთლად ჩამორჩენილი ქვეყანა დაუტოვეს, უფრო მეტიც, საშუალო თაობა (35 წლის ზევით) აღიზარდა და განათლება მიიღო მანამ, სანამ ამ პროცესში სოროსი, ლომაია, ჭიაბერაშვილი, ბერძენიშვილი და სხვა უაღრესად სიმპათიური ვაჟკაცები ჩაერივნენ. ამიტომ სათანადო ინსტანციებმა გადაწყვიტეს ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეურნეო ცხოვრებიდან ამ საშუალო თაობის ამოგდება, საზოგადოების ფუნქციონირების ყველა სფეროდან მისი განდევნა, რათა წაართვან მას მომდევნო თაობის ჩამოყალიბებაზე გავლენის შესაძლებლობა. დამეთანხმებით, რომ ძნელია, საკუთარი შვილებისთვისაც კი, გახდე ავტორიტეტი, თუ უმუშევარი ხარ, არანაირი სოციალური სტატუსი არ გაგაჩნია და ოჯახის შენახვა არ შეგიძლია, ასეთ პირობებში ადამიანი საკუთარ თავსაც კი არ სცემს პატივს, რომ არაფერი ვთქვათ პატივისცემაზე სხვა ადამიანების, თუნდაც ახლობლების მხრიდან... სწორედ ამიტომ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ინიშნებიან 22-26 წლის ახალგაზრდები, რომლებიც «წმენდენ» მათდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებს უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან. ყველაზე სასაცილოა, რომ ისინი ამას აკეთებენ ყოფილი მუშაკების «არაპროფესიონალიზმის» საბაბით, ხოლო გათავისუფლებულ ადგილებზე დანიშნულ თავიანთ თანაკლასელებს, ეზოს ძმაკაცებს წარმოგვიდგენენ, როგორც «გამოცდილ პროფესიონალებს». ჭეშმარიტად, ვუნდერკინდებით მდიდარია სოროსისეული ორგანიზაციები!
ამ სიტუაციაში მე მაინტერესებს, სად, რომელ სორო(ს)ში იმყოფება დღეს ჩვენი «სახელოვანი ინტელიგენცია» _ ცნობილი პოეტები, მწერლები, კინორეჟისორები, აკადემიკოსები, რომლებიც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ჯიუტად არ ამჩნევდნენ მის მიერ წაქეზებულ დესტრუქციულ, ანტიეროვნულ პროცესებს, ერთგულად ლოცულობდნენ საკუთარ კერპზე და არ სურდათ, დაენახათ, რომ მისი ფრთის ქვეშ ყალიბდება აგრესიული, უპრინციპო, უეროვნებო ცინიკური ძალა, რომელიც საჭირო მომენტში მოისვრის შევარდნაძეს, როგორც უსარგებლო ნივთს და უმოწყალოდ დაამთავრებს ქართველობის მოსპობის მის მიერვე დაწყებულ პროცესს. სად ხართ, «ერის მამებო»? სად არის მეცნიერებათა აკადემია, სადაა მწერალთა კავშირი, კინემატოგრაფისტთა, კომპოზიტორთა კავშირები, თეატრალური საზოგადოება და სად არის საზოგადოება «თბილისელი», რომელშიც მაშინ შევარდნაძის მხარდამჭერი «ჭეშმარიტი თბილისელები» გაერთიანდნენ და მოსახლეობას თავს აბეზრებდნენ «ეროვნული, ვაჟკაცური» განცხადებებით? მოსწონთ «თბილისელ ვაჟკაცებს» დედაქალაქის ახალი მერი და პრემიერი? დუმხართ? ეთანხმებით საკუთარი ერის მოსპობას? თუ გეშინიათ, რომ ახალი ხელისუფლება იმ ნასუფრალს წაგართმევთ, რომლის გამოც შევარდნაძეს ეთაყვანებოდით? არ შეიძლება, ბატონებო, სამარშრუტო ხაზზე ღირსების გაცვლა...
1997 წელს მე გამოვაქვეყნე ინტელიგენციისადმი მიმართული წერილი «გეწყინათ? გეწყინოთ!». მასში აღვწერე ქვეყანაში მიმდინარე დამანგრეველი პროცესები, ე.წ. «ელიტური ინტელიგენციის» დესტრუქციული როლი, ქართველი ერის გენოციდისადმი მისი სამარცხვინო გულგრილობა. კერძოდ, ამ ელიტურ მწერალ-მწიგნობართ მივმართე:
«რატომ არ მოსთხოვთ პასუხს იმ პირებს, რომლებიც დამნაშავე არიან ჩვენი საშუალო და უმაღლესი განათლების დაშლა-განადგურებაში? რას აკეთებთ თქვენ, მწერლებო და პოეტებო, მაშინ, როცა საქართველო თაობას კარგავს _ ახალგაზრდობა ირყვნება, ლოთობს, ვრცელდება ნარკომანია, ათასობით ქალი საკუთარ სხეულს ყიდის როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში, რუსეთში, საბერძნეთში? რატომ დუმხართ მაშინ, როდესაც დასცინიან და ანადგურებენ ქართველი ხალხის საუკუნოვან ეროვნულ ტრადიციებს, უცერემონიოდ იდევნება და ამერიკანიზებული სუროგატით იცვლება ეროვნული კულტურა? რას აკეთებთ თქვენ ამ ტრაგიკულ დროს, სადაა ხალხისადმი მიმართული თქვენი სიტყვა, სადაა ხელისუფლებისადმი გამოხატული პროტესტი? რა უნდა მოხდეს კიდევ საქართველოში, რომ თქვენ ხმა ამოიღოთ? რით ხართ დაკავებულნი? წიგნებს წერთ? ვის სჭირდება თქვენი წიგნები, თუ მალე «ვეფხისტყაოსნის» მკითხველიც კი აღარ იქნება საქართველოში?!».
ვშიშობ, ეს დროც მოვიდა...
გაზეთი «ასავალ-დასავალი»
2004 წ. სექტემბერი