სამართალი
შსს-ს მაშველებმა მესტიაში წარმატებული სამაშველო ღონისძიება განახორციელეს

samartali1საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს განყოფილების და სასაზღვრო პოლიციის მესტიის მე-9 სამმართველოს თანამშრომლებმა წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მესტიის რაიონში 5 ოქტომბერს დაკარგულ ებრაელ ტურისტებს სოფლებს ადიშსა და ჟაბეშს შორის მდებარე ერთ-ერთ ხევში მიაკვლიეს.

ტურსტები სოფელ ჟაბეშიდან უღირის უღელტეხილის გავლით სოფელ ადიშში მიემართებოდნენ. ამინდის გაუარესების გამო მათ კვალი აებნათ და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. დახმარების შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112“-ში შევიდა.

ამინდის გაუარესების მიუხედავად. სამაშველო-საძიებო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა და არ შეწყვეტილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფმა სრული სამთო აღჭურვილობით 16 ხეობა და ყველა არსებული ტურისტული მარშრუტი დაათვალიერა.