სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაციები: „პრემიერ-მინისტრი უნდა შეეგუოს, რომ ყველა მედიასაშუალება მისთვის მისაღები ფორმით არ გააშუქებს მიმდინარე პროცესებს“

arasamtavroboebiსაქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციების: საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოსა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ერთობლივი განცხადებით, მიუღებელია, პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს მათ მიერ გამოქვეყნებული მასალების გამო პასუხს სთხოვდეს“.
განცხადების თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ რეზიდენციაში ქართული ტელევიზიების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისას დამსწრე ჟურნალისტებს უხეში შენიშვნები მისცა და ქართველი ჟურნალისტების პროფესიონალიზმის დონე გააკრიტიკა.

პრემიერ-მინისტრს მომზადებული ჰქონდა ამონარიდები იმ სტატიებიდან და სატელევიზიო გადაცემებიდან, რომლებიც პირადად მისთვის იყო მიუღებელი. მან რამდენჯერმე მოახდინა ციტირება აღნიშნული მასალებიდან და მისთვის მიუღებელი ინფორმაციის გავრცელებისათვის თითოეულ დამსწრე ჟურნალისტს ახნა-განმარტება მოსთხოვა. გარდა ამისა, ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს რამდენიმე უნარ-ჩვევა დაუწუნა, მათ შორის, შეკითხვის დასმის, არგუმენტების მოყვანისა და რესპონდენტთა შერჩევის, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, არასამთავრობოების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ტონი და მისი ინსტრუქციები კითხვების ფორმულირების თაობაზე შეიძლება შეფასდეს, როგორც ღია ჩარევა მედიის საქმიანობაში.

„პრემიერ-მინისტრი, ისევე, როგორც ნებისმიერი მაღალი რანგის საჯარო მოხელე, უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ყველა მედიასაშუალება მათთვის მისაღები ფორმით არ გააშუქებს მიმდინარე პროცესებს. საჯარო კონტროლი მთავრობის მუშაობის მონიტორინგის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ამიტომაც მიიჩნევა თავისუფალი და პლურალისტური მედია დემოკრატიის უმთავრეს შემადგენელ ნაწილად“, – აღნიშნულია განცხადებაში.