საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ამა წლის 27 ოქტომბერს გაიმართება, ცესკომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ უცხოეთის რომელ ქვეყნებში გაიხსნება საარჩევნო უბნები საქართველოს მოქალაქეებისათვის. ინფორმაციიდან ცხადია, რომ რფ-ის ტერიტორიაზე შარშანდელივით კვლავაც არ იქნება არც ერთი საარჩევნო უბანი. შესაბამისად, რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი სამცხე-ჯავახეთის მხარის მცხოვრებლები, საქართველოს სხვა მრავალ მოქალაქესთან ერთად, ვერ შეძლებენ თავისი კონსტიტუციური უფლების განხორციელებას.
არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:
არჩევნებამდე დარჩენილი დროში ყველაფერი იღონოს, რათა რუსეთის ტერტორიაზე მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა კენჭისყრის საშუალება მიიღონ;
გაეგზავნოს განაცხადი რუსეთის ხელისუფლებას რფ-ის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნების გახსნის ნებართვის თხოვნით;
დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთის მხარესთან ყველა ორგანიზაციული პრობლემის აღმოსაფხვრელად და საქართველოს მოქალაქეებისათვის მომავალ არჩევნებზე კენჭისყრის საკითხთა გადაწყვეტის „გზამკვლევის“ შესამუშავებლად;
აუცილებლობის შემთხვევაში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის მცდელობები მესამე მხარის მეშვეობით განხორციელდეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ წინდაწინ ვაცხადებთ, რომ უფლებას ვიტოვებთ:
სარჩელი შევიტანოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული მოქალაქეთა უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით;
მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს მოქალაქეების მიერ კენჭისყრის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის საქმეში დახმარების თხოვნით;
წინასწარ განვაცხადოთ სამცხე-ჯავახეთის მხარეში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურობისა და არასამართლიანობის შესახებ.
რუსეთის ჯავახკის დიასპორა
2013 წლის 2 ოქტომბერი