აქტუალური
„ფსიქოპროექტი“: პირველი ადგილი - ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე და მესამე ადგილები - ირაკლი ალასანია და კახა კალაძე

iraklaსაქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, რომლის პრეზენტაცია გუშინ, 1 ოქტომბერს, 13:00 საათზე სასტუმრო "რედისონში" გაიმართა, მინისტრების ეფექტიანობის რეიტინგში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიდერობს. მეორე-მესამე ადგილს კი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ინაწილებენ. ხუთეულში მეოთხე-მეხუთე ადგილები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ერგოთ. ეფექტიანობის რეიტინგში სხვა მინისტრებს ადგილები შემდეგი თანმიმდევრობით უკავიათ: თამარ სანიკიძე, დავით სერგეენკო, შალვა ფიფია, სოზარ სუბარი, დავით ნარმანია, ალექსი პეტრიაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, ლევან ყიფიანი, მაია ფანჯიკიძე, ნოდარ ხადური, კოტე სურგულაძე, გურამ ოდიშარია, დავით დარახველიძე და ხათუნა გოგოლაძე.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 16 სექტემბრიდან 23 სექტემბრის პერიოდში საქართველოს 11 რეგიონში მიმდინარეობდა. შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 2 201 რესპონდენტი გამოიკითხა. 
შედეგების პრეზენტაცია "ფსიქოპროექტის" ხელმძღვანელმა ზურაბ ბიგვავამ გამართა, რომლის განცხადებით, სტატისტიკური ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 2,3%-ია.