სამართალი
ზურაბ ტყემალაძე: „რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35,3%-ით გაიზარდა“

zurab_tyemaladzeსაქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. არჩევნებიდან ერთი წლის თავზე პარლამენტარები დღეს პირველად მართავენ თემატურ დებატებს, რომლებიც 4 საათის განმავლობაშ გაგრძელდება. პოლიტიკურ დებატებზე გადასვლამდე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ საზოგადოებას 1 ოქტომბერი მიულოცა.

„1 წელი გავიდა არჩევნებიდან და ვფიქრობ, ნამდვილად მოსალოცია ეს დღეს და ყველას ერთად გილოცავთ. ეს მთელი ქვეყნის გამარჯვებაა”, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.

დებატების დაწყებამდე ბიურო სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობამ მოითხოვა, რომ მოხდარიყო სპეციალური საჩვენებელი დაფების წარმოდგენა საკანონმდებლო ორგანოს მისაღებში ეკონომიკური პარამეტრების შესახებ, რაზეც მმართველი გუნდის მხრიდან უარი მიიღო.

დებატებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე საკუთარი მოხსენებით გამოვიდა, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციაში ქართული პროდუქციის გასვლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდას. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35,3%-ით გაიზარდა და 426 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.

„საქართველო-რუსეთის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის ნაწილობრივი აღდგენის შემდეგ, 2013 წლის მაისიდან რუსეთის ფედერაციაში გავიდა 15 მილიონი დოლარის ღვინო და 13 მილიონი დოლარის მინერალური წყალი. რუსეთის ფედერაციაში ამ პროდუქციის გასვლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდას. 2013 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და 383 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა", - აღნიშნა ტყემალაძემ.