აქტუალური
ნინო ბურჯანაძე: „აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის და რუსეთთან მოლაპარაკების გზით აუცილებლად მოვაგვარებ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას“
akt-1-ninaსაქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გამართა ცაგერისა და ლენტეხის მოსახლეობასთან. ცაგერში ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძე მეუფე სტეფანემ საკუთარ რეზიდენციაში მიიღო და დალოცა. „მე ძალიან კარგად ვიცი ამ კუთხის პრობლემები. ყველა იმ პრობლემაზე და მათი მოგვარების გზებზე ვისაუბრე, რომელიც ამ კუთხეში აწუხებთ. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ადამიანები 27 ოქტომბერს მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებ. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ლეჩხუმელების იმედები, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხის შვილების იმედები, გავამართლო პრეზიდენტად არჩევის შემდეგ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც ასევე კომენტარი გააკეთა დავით ბაქრაძის მოწოდებაზე, რომ ყველა საპრეზიდენტო კანდიდატმა ერთი დღით შეწყვიტოს წინასაარჩევნო კამპანია და სოფელ დვანში ჩავიდეს.
დავით ბაქრაძემ ხალხს ისიც მოუწოდა, დანა–ჩანგალი აიღეთ ხელში და ისე დაიცავით საქართველოო. წესიერად მოქცეულიყვნენ ეგ და მისი პრეზიდენტი და დვანში არ ვიქნებოდით ახლა ჩასასვლელები. მე მათი კარნახის გარეშე გავაკეთებ ყველაფერს ისე, რომ მავთულხლართები საქართველოში აღარასდროს აღარ იყოს. როცა არჩეული ვიქნები პრეზიდენტად, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის და რუსეთთან მოლაპარაკების გზით აუცილებლად მოვაგვარებ ამ პრობლემას“, - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.