სამართალი
ნიუ-იორკიდან დაბრუნებულ სააკაშვილს თბილისის აეროპორტში დახვედრა მოუწყვეს

mishas-daxvedraსაქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ნიუ იორკიდან დაბრუნებულ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომლის თვითმფრინავი წუხელ  21:00 საათისთვის დაეშვა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხარდამჭერები შეძახილებით დახვდნენ. ამ ფორმით მოქალაქეებმა პრეზიდენტს გაეროში სიტყვით გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადეს. სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე პრეზიდენტის რანგში სიტყვით ბოლოჯერ გამოვიდა. მისი გამოსვლის დაწყებიდან 20 წუთში რუსეთის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

სააკაშვილის თქმით, გაეროში მისი სიტყვით გამოსვლას, მისდა მოულოდნელად, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ეს ნიშნავს იმას, რომ ამ სივრცეში რაღაც სერიოზულად მომწიფდა. ყველას ყელში აქვს ამოსული პუტინის ქმედებები უკრაინაში, მოლდოვაში, ჩვენს მეზობლებში - სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ კავკასიაში და მთლიანობაში რუსეთში. ახლა ჩვენ გასახარებელი და თავმოსაწონი ბევრი არაფერი გვაქვს, იმიტომ, რომ ბოლო თვეებში ჩვენ დავკარგეთ კონტროლი უფრო მეტ სახნავ-სათეს და სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, ვიდრე 2008 წლის ცხელი ომის დროს", - განაცხადა სააკაშვილმა, რომლის თქმით, ის მზადაა მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს საქართველოს მთავრობასთან, რათა ქართული მიწების ძალზე საშიში ანექსია შეწყდეს.

ნებისმიერ ქმედებას დავუჭერ მხარს, რომელსაც საქართველოს მთავრობა გააკეთებს, რომელიც ამ ანექსიას შეაჩერებს. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი ძალიან ბევრია, მაგრამ თუ ერთად დავდგებით, შევძლებთ ჩვენი პოზიციების დაცვას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების ამსახველი ვიდეო პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.