უცხოეთი
სააკაშვილის ბოლო გამოსვლა გაეროში ქართველებს მოეწონათ

rech-ucx1საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი.საქართველოს პრეზიდენტის რანგში მიხეილ სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნაზე თავისი ბოლო სიტყვა წარმოთქვა. მისი მიმართვის მთავარი თემა უწინდებურად რუსეთი იყო. მან მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა რუსეთის ხელმძღვანელობა და აღნიშნა, რომ გული ერევა, როცა „კა-გე-ბე“–ს ოფიცერი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ლექციებს უკითხავს თავისუფლებაზე, ღირებულებებსა და დემოკრატიაზე. თავად პუტინს კი ერთ-ერთი უკანასკნელი იმპერიის დიქტატორი უწოდა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ სწორედ რუსეთია დაინტერესებული რეგიონში კონფლიქტის ზონების შენარჩუნებით (მხედველობაში ჰქონდა აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და მთიანი ყარაბაღი). ამასთან, მან მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობას, მოერიდოს ევრაზიის კავშირს - კრემლის მიერ წამოწეულ პროექტს. პრეზიდენტის თქმით, ეს ახალი რუსეთის იმპერიაა.

რუსეთის დელეგაციამ ვერ გაუძლო ბრალდებათა ასეთ ნაკადს და საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა.

„ანტირურული, რუსოფობიური და ანტიმართლმადიდებლური ხასიათის ბოდვების ნაკრები“, - ასე დაახასიათა სააკაშვილის გამოსვლა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა და დასძინა, რომ მოხარულია, რომ საქართველოს მეთაურის საპრეზიდენტო ვადა მალე ამოიწურება.

თავად საქართველოში, რომელიც 2012 წლის შემოდგომაზე მთავრობის შეცვლის შემდეგ მოსკოვის მიმართ რიტორიკის შერბილებას ლამობს, პრეზიდენტის გამოსვლა არაერთგვაროვნად იქნა აღქმული.

„ეს სააკაშვილის საუკეთესო გამოსვლა იყო“, - ასე დაახასიათეს პრეზიდენტის სიტყვა მისმა თანამოაზრეებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ სააკაშვილმა სწორად გააკეთა აქცენტები და კიდევ ერთელ მიაპყრო მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება იმას, რომ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩება.

მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ასევე, ზოგადად, მოიწონეს სააკაშვილის გამოსვლა. ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა რუსეთის მხარის მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების გავლების საკითხს მსმენელთა ყურადღება მიაპყრო. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე მან საქმის კურსში ჩააყენა მსოფლიო თანამეგობრობა“, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ამა წლის 27 ოქტომბერსაა დანიშნული. თავად მიხეილ სააკაშვილს კენჭისყრის უფლება აღარ აქვს. მის ნაცვლად პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს იყრის პარლამენტის ყოფილი სპიკერი დავით ბაქრაძე.