სამართალი
სააკაშვილი: „რუსეთი ან გახდება ნორმალური სახელმწიფო, ან შეიძლება საერთოდ არსებობის სერიოზული პრობლემები შეექმნას!“

1-samm-3საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ  ნიუ–იორკში, უკანასკნელად პრეზიდენტის რანგში, მიხეილ სააკაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თავის 35-წუთიან გამოსვლაში მან აღნიშნა:

„ჩვენ გავაკეთეთ ძალიან კარგი რეფორმები ძალიან ცუდ დროს ჩვენთვის. იმიტომ, რომ ნავთობის ფასი ავარდა ზემოთ. ეს იყო რუსეთის აღმავლობის პერიოდი და ჩვენი აღმავლობის პერიოდიც, რომელშიც დაინახეს საფრთხე. დღეს დაიწყო რუსეთის დიდი დაღმავლობა, მაგრამ ვშიშობ, რომ საქართველოს დაღმავლობამ უფრო არ გაასწროს. ამიტომ ყველაზე მეტად ჩემი დღევანდელი განცდა შიში თუ საფრთხის თუ შეშფოთების არის ეს, რომ მუდმივად არ აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყანა დროში აცდენილი და სივრცეში თავის ბედს. აი სულ თითქოს ჯეკ-პოტი უნდა იყოს და ერთი ციფრი ამოვარდნილია შუაში და არ არის!

ჩვენ რასაც წინა წლებში ვქადაგებდით, წამოვიდა ახალი თაობა, რომელიც ასე თუ ისე, ამ ფასეულობებს ეთანხმება, ესაა ის, რომ არ შეიძლება ქვეყნის დაყოფა ეთნიკურ ჯგუფებად, კუთხეებად. ხშირად ვფიქრობ: აფხაზები უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეები რუსეთთან ბრძოლაში, ჩვენი მესაზღვრეები, იმიტომ, რომ აფხაზებს რომ უქნეს რუსებმა მე-19 საუკუნეში, ისეთი ძალიან იშვიათად უქნია ვინმეს ვინმესთვის. და ისინი გახდნენ რუსეთის მოკავშირეები ჩვენ წინააღმდეგ. და ჩვენ ჩვენშიც უნდა ვეძებოთ პრობლემა, იმიტომ, რომ ვერ მოვახერხეთ ნამდვილ მოკავშირეებად ქცევა იმისა, ვინც ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე უნდა ყოფილიყო.

აი, ცხინვალში რატომ დაიწყო რუსეთმა, იმიტომ, რომ ცხინვალში რაც გავაკეთეთ ჩვენ სანახევროდაც, ძალიან მაგარი პროექტი იყო... სანაკოევი და მისი ჯგუფი რეალურად ყოფილი სეპარატისტები იყვნენ, მათ შორის, რამდენიმე კაცი იყო, ვინც 2004-ში გვიშენდა ინტენსიურად თავის რაზმებთან ერთად და ხალხი დაგვიხოცა. მაგრამ ჩვენ დავანახვეთ და არც ერთ ოსს არ სჯერა, რომ, მაგალითად, მე მეზიზღება ოსები. იმიტომ, რომ ეს მართლა არ არის ასე და ვერც დააჯერა რუსულმა პროპაგანდამ. ვიღაც პეტერბურგელს დააჯერა, მაგრამ აქ ვინც ცხოვრობს ოსი, ქედის იქით და აქეთ, იმათ ეს არ სჯერათ. ეს არის ჩვენი მთავარი ძალა. თბილისი ნამდვილად არის კავკასიის დედაქალაქი, ბათუმი ნამდვილად არის დიდი მემლექეთის დედაქალაქი, ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისის ფუნქცია, იმიტომ, რომ ქუთაისზე ორიენტირებს ბევრი აფხაზი და ეს იყო მათთვის ისტორიულად საინტერესო ტერიტორია, და როცა ჩვენ ვიძახით, რომ ეს არის ჩვენი სივრცე, სადაც ჩვენ არ ვასხვავებთ ადამიანებს მათი აღმსარებლობით, ეთნიკური ჩამომავლობის მიხედვით, მაშინ ეს არის ჩვენი გზა ერთიანობისა და სიძლიერისკენ იმ პირობებში, როცა რუსეთს ემუქრება სერიოზული ფორმით ჩამოშლა და დღევანდელი ფორმით, როგორც იმპერია, რუსეთი ვეღარ იარსებებს. ის ან გახდება ნორმალური სახელმწიფო, ან შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას საერთოდ არსებობის“.