სამართალი
სააკაშვილი: „შევარდნაძემ დაარტყა მუშტი და თქვა, მოდი შევიდეთ აფხაზეთშიო. თევზაძე მოუბრუნდა და უთხრა - ტანკების საწავავიც კი არა გვაქვს, სად უნდა შევიდეთო!“

1-samm-2საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ  ნიუ–იორკში, უკანასკნელად პრეზიდენტის რანგში, მიხეილ სააკაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თავის 35-წუთიან გამოსვლაში მან აღნიშნა:

„პატარა ქვეყანა არ უნდა აცდეს თავის შანსს. დავით აღმაშენებელი იყო ძალიან დიდი მეფე,  მაგრამ ის რომ ყოფილიყო, მაგალითად, მონღოლების შემოსევის დროს, მას არანაირი შანსი არ ექნებოდა არაფრის გაკეთების. ეს ხომ გასაგებია. ჩინგიზ-ხანის ჯარს ვერ გაუწია წინააღმდეგობა მსოფლიოში ვერავინ.

დავით აღმაშენებელი მოვიდა იმ დროს, როცა თურქ-სელჯუკები იშლებოდნენ და ეს იყო შანსი, რომ გაეკეთებინა რეფორმა, მაგრამ რომ არ ყოფილიყო აღმაშენებელი, თავისთავად თურქ-სელჯუკების დაშლა საქართველოს არაფერს მოუტანდა. ორი კომბინაცია იყო: კარგი გეოპოლიტიკა და ძლიერი მმართველი და სწორი პოლიტიკა.

ახლა ვნახოთ, საქართველოს სიტუაცია როგორ იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში. საბჭოთა კავშირი დაიშალა. ამ დაშლაში საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ დიდი წვლილი შეიტანა. ბოლოს და ბოლოს, მე-19 საუკუნეში მოხდა მარტო 20-მდე აჯანყება და მერე მე-20 საუკუნეში, თუმცა ქართველები სულ მაინც არყევდნენ ამ საბჭოთა კავშირს, მაგრამ საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველოში ეგრევე დაიწყო სამოქალაქო ომი. მაშინ, როცა ბალტიის ქვეყნებმა გამოქაჩეს, და ეს პერიოდი იყო, როცა მთელი რესურსების გამოწოვა ხდებოდა რუსეთიდან, იმ წლებში მოხდა მათი გამდიდრება. ჩვენ კი 1988 წლის დონეს სიმბოლურად დავეწიეთ მხოლოდ 2012-ში, არჩევნების პერიოდში და ცვლილებების პერიოდში. ისინი იმ დონიდან არ ჩამოვარდნილან, ისინი იმ დონიდან იზრდებოდნენ მთელი ეს პერიოდი. ჩვენ გავუშვით ეს პირველი შანსი.

1993 წლის სექტემბერის ბოლოს აიღეს რუსებმა და სეპარატისტებმა სოხუმი. ოქტომბრის ბოლოს მოსკოვში დაიწყო სამოქალაქო ომი. ერთი თვე რომ დაგვცლოდა, აღარავის აღარ ეცლებოდა აფხაზეთისათვის. როცა ელცინმა ტანკები დაუშინა პარლამენტს - აქ ვიყავი მაშინ, ნიუ იორკში. გამაოგნებელი რაღაც მოხდა. ერთ თვეში ავცდით დროს, რომ შეგვენარჩუნებინა აფხაზეთზე კონტროლი. 1998 წელში, როცა გალში ცნობილი მოვლენები მოხდა, საქართველოს ჰყავდა არაფრის მაქნისი, სუსტი მთავრობა და როცა შევარდნაძემ დაარტყა მუშტი მაგიდაზე და თქვა, მოდი შევიდეთ აფხაზეთშიო, თევზაძე მოუბრუნდა და უთხრა, – ტანკების საწვავიც კი არა გვაქვს, სად უნდა შევიდეთო. მე ჭორებს არ გიყვებით, იმ უშიშროების საბჭოზე ვიჯექი და ვიცი, როგორ ხდებოდა ეს. მაშინაც ავცდით დროში ყველაფერს“.