საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ ნიუ–იორკში, უკანასკნელად პრეზიდენტის რანგში, მიხეილ სააკაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თავის 35-წუთიან გამოსვლაში მან აღნიშნა:
და რუსული ტაქტიკა რა არის? აი ახლა რასაც სირიაში აკეთებს, ზუსტად იგივეს აკეთებდა ჩვენთან ყოველთვის, ხომ? თვითონ არის პრობლემის ნაწილი - რუსულ რაკეტებს ესვრიან სირიელები ყველას, და თვითონ ამბობს, რომ მე ვარ სამშვიდობო შუამავალი. საქართველოშიც ხომ მაგას გვეუბნებოდა? თვითონ აიღო აფხაზეთი და თვითონ გვეუბნებოდა, რომ მე ვარ სამშვიდობო ძალა. თვითონ აკონტროლებდა ცხინვალის მთავრობას და თვითონვე იყო ცხინვალის სამშვიდობო ძალა. ახლა ომი მოხდა და დღესაც გეუბნება: მე რა შუაში ვარ, ერთმანეთში გაარკვიეთ საქმე, მე ვიქნები სამშვიდობო გამყოფი ძალა! და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ.
ტაქტიკა არის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს დაშვებული მშვიდობა სხვის საზღვრებზე. 1985 წელს მოხდა აზერბაიჯანი-სომხეთის ომი, მაშინ, როცა იმ ტერიტორიაზე იდგა 100 000-კაციანი რუსული ჯარი. 1988 წელს მოხდა ზუსტი განმეორება იმ ომის იმ პირობებში, როცა იდგა ამაზე უფრო დიდი რუსული ჯარი.
აფხაზეთში იმ პირობებში ხდებოდა ომი, როცა ჯერ ჩვენ მოგვცეს იარაღი ახალციხეში, ახალქალაქში ბაზა დახურეს, მთელი იარაღი გადმოგვცეს, ბედნიერი კიტოვანი მოახტა ამ ტანკებს და გაიქცა სოხუმში. მერე მოულოდნელად აფხაზები თავს დაესხნენ გუდაუთის ბაზას, გაიტაცეს მთელი იარაღი იქიდან და შემდეგ რუსეთი უყურებდა, ცოტა წავიწევდით წინ - დაგვბომბავდა, არ წავიწევდით წინ - რაღაცებს კიდევ აქეთ გადმოგვიგდებდა, თვალებს ჩაგვიპაჭუნებდა. და ასე მიიყვანა საქმე იქამდე, რომ ორივე ნელ-ნელა სისხლისგან დაცალა... და მერე დაიჭირა აფხაზების მხარე იმიტომ, რომ აფხაზები ვერასდროს სახელმწიფოს ვერ შექმნიდნენ“.